დმიტრო კულება ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უახლოეს ორ დღეს ბრიუსელში ვიზიტით გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„კულებას ვიზიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიზანია „ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მობილიზება, უკრაინის ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დეკემბერში ევროსაბჭოს შემდეგი შეხვედრისთვის მომზადების კონტექსტში“, – წერს უკრაინული მედია.
28 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან.
29 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ალიანსის შტაბ-ბინაში უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე პირველად იმართება.
ამასთან, დმიტრო კულება ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.