ბაიდენი ისრაელ -“ჰამასის” შეთანხმებას მიესალმება – ვაშინგტონში ელოდებიან, რომ მოხდება 50-ზე მეტი მძევლის გათავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელისა და “ჰამასის” შეთანხმებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ გარიგების ყველა ასპექტი შესრულდება.

ამის შესახებ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.

„მე და ჯილს რამდენიმე კვირაა, გულთან ახლოს გვყავს მძევლები და მათი ახლობლები. ძალიან მოხარულები ვარ, რომ ზოგიერთი ამ მამაცი გულიდან, რომელიც ტყვეობას და ენით აუწერელ განსაცდელებს გადაურჩა, ოჯახებს შეუერთდება, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად იქნება რეალიზებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კატარის ემირს და ეგვიპტის პრეზიდენტს შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის, ასევე, ისრაელის მთავრობას ზავის გაგრძელების მზადყოფნისთვის.

„მოუთმენლად ველოდები თითოეულ ამ ლიდერთან საუბარს და ვრჩები მჭიდრო კონტაქტზე, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ამ შეთანხმების სრულ რეალიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების ყველა ასპექტი სრულად განხორციელდეს“, – დასძინა ბაიდენმა.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიღწეული შეთანხების მიხედვით, “ჰამასი” 50 მძევალს გაათავისუფლებს და ღაზაში 4-დღიანი ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდება, ხოლო ისრაელი ციხეებიდან რამდენიმე პალესტინელს გაათავისუფლებს.

თუმცა, როგორც მედიას აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ მოხდება 50-ზე მეტი მძევლის გათავისუფლება.

”გარიგების სტრუქტურა ისეთია, რომ ის უწყობს ხელს ყველა მძევლის გათავისუფლებას,” – თქვა მან.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ გათავისუფლებულთა შორის იქნება ამერიკის სამი მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი.

აშშ-ში აცხადებენ, რომ შეთანხმება ძალაში “24 საათში შევა” – მას შემდეგ, რაც კატარი ამაზე ოფიციალურად გამოაცხადებს.

ცოტა ხნის წინ კი, შესაბამისი განცხადება კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ მიუღიათ ინსტრუქციები საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ,  შესაბამისად, “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები