“ვფიქრობ, პურზე ფასი შენარჩუნდება” – „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
“ვფიქრობ, პურზე ფასი შენარჩუნდება”, – ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია.
“დღეს ბაზარზე სასიამოვნო ტენდენციაა, თუ წინა წლებს შევადარებთ, გახსოვთ, მაშინ სუბსიდირება, დახმარებები ჩაირთო, რომელიც ქვეყნისა და წარმოებებისთვის იძულებითი იყო. დღეს ასე აღარაა.
მსოფლიოში ხორბლის ფასების კლების ტენდენციაა. თუ ბოლო ხანებში ფასი 250 $ იყო, ახლა 200 $ -მდეა დასული. რაც შეეხება პურის ფასს: წარმოებები სტაბილურად მუშაობენ, ფქვილი არის როგორც შემოსული, ისე ადგილობრივი დამზადების, ანუ წისქვილებში დამზადებული. პურის მწარმოებლები დაახლოებით 90 %-ში ფქვილს ადგილობრივი წისქვილებიდან იღებენ, რაც კარგი ტენდენციაა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა ხორბალი ჩააბარეს. დღეს ჩვენი მთავარი სურვილია, სტაბილურად შევინარჩუნოთ ის ფასი, რომელიც არის. ვფიქრობ, პურზე ფასი შენარჩუნდება. მთელი პასუხისმგებლობით მინდა, მოსახლეობას ვუთხრა: დღეს სიტუაცია შედარებით სტაბილურია”, – განაცხადა დოლიძემ.