“ხორბლის ბაზარზე სტაბილურობაა და ეს უახლოესი თვეების განმავლობაში, გარკვეულწილად, შენარჩუნებული იქნება” – ლევან სილაგავა
“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის ბაზარზე სტაბილური ვითარებაა.
როგორც სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტაბილურობა უახლოესი თვეების განმავლობაში, გარკვეულწილად, შენარჩუნებული იქნება.
“დღეს მსოფლიო ბაზარზე, რეგიონულ ბაზარზე, ჩვენს სიახლოვეს (რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ევროკავშირში ) მდგომარეობა სტაბილურია. ფასები რეალურად სტაბილურია და ზოგან კლებისკენაც მიდის. ამ მხრივ უახლოესი თვეების განმავლობაში არანაირი საშიშროება ვფიქრობთ, არ იქნება. პოლიტიკური გამოწვევები ეკონომიკურში გადადის ხოლმე, გრძელვადიანად დიდ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, რეალურად, იმ ეკონომიკური სიტუაციიდან, ფასებიდან, ბირჟებზე მიმდინარე ტენდენციებიდან, ასევე მარაგებიდან გამომდინარე, როგორც რეგიონულად, ისე ქვეყნის ჭრილში , შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს სტაბილურობაა და ეს სტაბილურობა უახლოესი თვეების განმავლობაში, გარკვეულწილად, შენარჩუნებული იქნება.
ამასთან, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას, რადგან ხორბლის მოწოდების ძირითადი წილი ამ ქვეყნიდან ხორციელდება.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არსებული 2- თვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაეროს რეკომენდაციებთან და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობაზე დაყრდნობით.
კერძოდ: 1. საქართველოს წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში 2 თვის მოხმარების სასურსათო ხორბლის მარაგები არსებობს, რომელიც ხარჯვის პარალელურად მუდმივად ივსება და ეს უწყვეტი პროცესია. 2. ქართველ ფერმერებთან დამატებით დაახლოებით 1 თვის მოხმარების სასურსათო ხორბალი ინახება.
3. ხორბლის ფასი მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე სტაბილურია.
4. ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის იმპორტი შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით ხორციელდება.
რაც შეეხება ხორბლის და ფქვილის უმეტესად რუსეთიდან შემოსვლას, დღეს რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი პროდუქციის ყველაზე დაბალი ფასის გამო ხორციელდება. გარდა რუსეთისა, მინიმუმ 3 ახლომდებარე ალტერნატიულ ქვეყანასთან: რუმინეთთან, უკრაინასა და ყაზახეთთან მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს. თუმცა, დღესაც და ბოლო წლების განმავლობაში ეს ბაზრები შედარებით უფრო მაღალ ფასს გვთავაზობენ. შემაფერხებელ ფაქტორს რუსეთთან ხორბლის ტრანსპორტირების სიძვირე წარმოადგენს.
წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის პირობებში არც დღეს და არც შემდგომში ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ არსებობს, რადგან წისქვილკომბინატების მუშაობის ბიზნესპროცესები თავის თავში ხორბლის ფქვილად გადამუშავების (ხარჯვის) პარალელურად გარდამავალი მარაგების მუდმივ შევსებას გულისხმობს. 3-კომპონენტიანი უწყვეტი მომარაგების სქემა მოქმედებს : წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად -გზაში მომავალი ხორბალი – ახალი ხორბლის პარტიის შესაძენად კონტრაქტის დადება.
ზემოთ აღნიშნული სქემით ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე მყისიერი გადასვლა და ბაზრის ავტომატური დივერსიფიცირება ხდება, რაზეც საკმარისზე მეტი დრო არსებობს, ხორბლის 2 თვიანი მარაგის ხარჯზე” – განაცხადა სილაგავამ.
მისივე თქმით, ივნისის თვიდან, მას შემდეგ – რაც ფქვილის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდა, დაბალანსებულია როგორც პურის ფასი, ისე წისქვილკომბინატების მუშაობა და წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის მოსავლის მიღება.
“იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლით წისქვილკომბინატების ინდუსტრიის სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობა დღევანდელ სიტუაციაში სრულად უზრუნველყოფილია, რომელიც თავისი არსით ხორბლისა და ფქვილის იმპორტის დაბეგვრის რეჟიმებს ათანაბრებს და არცერთ შემთხვევაში რაიმე სახის უპირატეს რეჟიმს არ წარმოადგენს. ჩვენი დარგი განყენებულად დგას იმ მექანიზმთან მიმართებით, როგორიცაა სუბსიდირება. ესაა მექანიზმი, რომელიც ბიუჯეტთანაა დაკავშირებული, ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები იხარჯება. ჩვენს შემთხვევაში ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. ჩვენ რეალურად კონკურენციის პირობები გავათანაბრეთ. ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა, აქ სუბსიდირების მექანიზმი ჩართული არაა, ჩვენ დღეს კონკურენტულ პირობებში ვმუშაობთ.
ივნისის თვიდან დაწყებული ხდება ის, რომ დაბალანსებულია როგორც პურის ფასი, ისე – წისქვილკომბინატების მუშაობა და წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის მოსავლის მიღება.
რაც შეეხება ფქვილის ფასს – დღეს 1 ტომარა ფქვილზე ფასი 50 ლარის ფარგლებში მერყეობს. საუბარია პირველი ხარისხის ფქივლზე , რომლითაც პური ცხვება”, – განაცხადა სილაგავამ.