AFP: საფრანგეთმა ბაშარ ასადის დაკავების ორდერი გასცა
საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, რომელიც 2013 წელს ქიმიურ თავდასხმაშია ბრალდებული.
ამის შესახებ AFP-ს საფრანგეთის სასამართლო სისტემაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროების თქმით, ასადი ასევე ეჭვმიტანილია 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებში, რასაც 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ასევე, დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გაიცა სირიის ლიდერის ძმის – მაჰერ ასადის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად სირიის ელიტარულ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს, ასევე, შეიარაღებული ძალების ორ გენერლის მიმართ.
გამოძიება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრის (SCM), ღია საზოგადოების მართლმსაჯულების ინიციატივისა (OSJI) და სირიის არქივის სარჩელის შემდეგ დაიწყო.