ლაშა ხუციშვილი: მმართველობის ინდიკატორებით საქართველო მოწინავე პოზიციებზეა
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორის შესახებ და ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური განვითარება ქვეყნის გაცხადებულ მიზნებს ევროინტეგრაციის გზაზე.
ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლოს საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„მმართველობის ხარისხით საქართველო აშკარად გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ – ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში ვუსწრებთ ევროკავშირის 10-ზე მეტ წევრ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ 8-ვე ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას. მმართველობის მაღალი ხარისხი დადებითადაა შეფასებული სარეიტინგო სააგენტოების მიერ და ყველა ანგარიშში ეს აღნიშნულია, როგორც ჩვენი ეკონომიკის ძლიერი მხარე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გამოწვევაა პოლიტიკური სტაბილურობის ინდიკატორი, რომლის მთავარი მიზეზიც, მისი თქმით, გეოპოლიტიკური რისკები და ოკუპირებული ტერიტორიებია.
„თუმცა, მმართველობის ხარისხის დონით, ჩვენ საკმაოდ კარგი სასტარტო პირობით ვიწყებთ, რაც ერთი მხრივ ართულებს შემდგომში მკვეთრი პროგრესის ჩვენებას, თუმცა, ევროკავშირის საშუალო სტანდარტებთან დაახლოებისათვის – ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.