აფხაზების მოწონებული ,,ბამბაზიის სამოთხე" და “ყოველი დღის საყვარელი ვერცხლისფერი მტვერი“

 ნინო სადღობელაშვილი, პოეტი, მწერალი, რომელსაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,ამ უცნაურ, ეკლექტურ ფასეულობებდაულაგებელ საზოგადოებაშიყველაზე მეტად ადამიანი და მარადიული ფასეულობები, დროში შეზღუდულ წუთებში კი ,,ადამიანურიაღმოჩენები უყვარს და დარწმუნებულია,- მხოლოდ აფხაზეთის კი არა, აფხაზების დაბრუნებაც მთავარია

 

– ნინო, ცოტა ,,შორიდან“ დავიწყოთ: როგორი იყო თქვენი ორეული ბავშვობიდან?1598163_702039599827205_1774022253_n

– ბავშვობიდან სულ ვიღაცას ვთამაშობდი, სულ რაღაც როლი მქონდა, მარტო სიარული მიყვარდა, – უფროსებისგან ხელგაშვებული,… მივდიოდი ჩემთვის და გზაში საკუთარ მონოლოგებს ვკითხულობდი. ბავშვობა ძალიან სევდიანიც იყო და ძალიან მხიარულიც. ეს ორივე განცდა განსაკუთრებული სიმძაფრით მახსოვს. ამიტომ, ორივემ: სევდამაც და სიხარულმაც ბავშვობიდანვე შემაყვარა თავი და არც ერთის გარეშე არ შემიძლია… სევდაც და სიხარულიც -ღვთაებრივი განცდებია, თავს ადამიანად რომ გაგრძნობინებს!..
თემები, რაც ყველაზე ხშირად გაღელვებთ ცხოვრებაში და რაც ნაწერებშიც ყველაზე ხშირად გადაგაქვთ...
 – უამრავი რამეა ასაღელვებელი, განა მთელი ჩვენი ეს დავიდარაბიანი ცხოვრება საღელვებელი არაა?! მით უფრო, ჩვენს ქვეყანაში და ამ უცნაურ, ეკლექტურ (იქნებ, ყველა სხვა ქვეყანაშიც ასევეა?) ფასეულობებ-დაულაგებელ საზოგადოებაში… ფასეულობების თემა მაღელვებს ყველაზე მეტად… როცა აქაა უწესრიგობა, როცა არეულია ცუდი და კარგი, ცრუ და მართალი,- სხვას ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება.
–  საკუთარ თავსა და სხვებშიც ,,აღმოჩენები“ გყვარებიათ…
– საშინლად მომწონს ახალი ნაცნობობის დროს, თუნდაც დროში შეზღუდული წუთები, პირველადი შეგრძნებები და აღმოჩენები, პირველ რიგში კი,- აღმოჩენები საკუთარ თავში. ახალი ნაცნობობის დროს საკუთარ თავზე უცნობ ადამიანს ალბათ ვერაფერს ვეტყოდი, პირველ აზრსა და შთაბეჭდილებას მისგან დაველოდებოდი.
რადგან მწერალს გაორება ხშირად ემართება, ნინო პოეტი რას ,,გეუბნებათხოლმე?
– ასე მეუბნება, რომ დღესაც უნდა გავუძლო. აი, ერთი დღეც გაჩუქა ღმერთმა და ამ დღესაც უნდა გაუძლოო, იბრძოლო, გაიმარჯვო და მარცხისთვისაც ემზადოო. . . აი, სულ ამას მიმეორებს და მეც ვუჯერებ…
თქვენი ,,ბამბაზიის სამოთხე2007 წელს ქუთაისის თეატრში დაიდგა,- დღესაც აქტუალურია და არ ჩამოდის სცენიდან..1620205_702039716493860_28134786_n
– ,,ბამბაზიის სამოთხე” ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში დაიდგა. ამ მოთხრობაში აფხაზეთის თემა ასეთი გამოკვეთილი არც იყო. მაგრამ, ჩემმა მეგობრებმა, რეჟისორებმა: იოანე ხუციშვილმა და გიორგი სიხარულიძემ წაიკითხეს და გაჩნდა მისი პიესად ქცევის იდეა, სადაც მთავარი თემა უკვე კონფლიქტის თემა იქნებოდა. აფხაზების და არა აფხაზეთის დაბრუნების თემა. ეს პრინციპულად გასამიჯნი (უფრო სწორედ, პრინციპულად ერთიანი) საკითხია და ჩვენ პიესაში ეს სათქმელი გვაქვს: მხოლოდ მიწა კი არა,- აფხაზები გვყავს დასაბრუნებელი! 2010 წელს კი, ავთო ვარსიმაშვილის პროდიუსერობით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს. რაც შეეხება, კრებულს, “ბამბაზიის სამოთხე”,  რომელშიც ეს მოთხრობა იყო შესული, 2006 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა“ გამოსცა. ეს კრებული უკვე აღარ არსებობს ბუნებაში, ყველა გავაჩუქე. სპექტაკლზე კი სხვაგვარი განცდა მაქვს, რადგან მინდა, რომ ის ბევრმა და მით უფრო ახალგაზრდებმა  ნახონ, უპირველესად,- სათქმელის ,-სპექტაკლში დასმული პრობლემის გამო, რომ არ მოდუნდეს ჩვენში აფხაზეთზე ფიქრი, და ეს ფიქრიც მარგინალური კი არ იყოს, არამედ მწვავე, კითხვების და პასუხების გამომწვევი….
– აფხაზეთში ხომ არ უნახავთ სპექტაკლი?
– ძალიან მინდა, ეს სპექტაკლი აფხაზებმა ნახონ. თუმცა სოხუმში, მგონი, დისკზე ჩაწერილი “ბამბაზიის სამოთხე” 30-იოდე აფხაზმა ნახა. როგორც გვიამბეს, ის წრფელი გულით მიუღიათ და მაშინვე შეუმჩნევიათ, რომ ეს სპექტაკლი აფხაზეთის თემით მორიგი “დაბოლება” კი არ იყო, არამედ ვიღაცები მართლა ფიქრობენ და სტკივათ იგი. მაგრამ, ამის იქით პროცესი აღარ წავიდა. ხიდები ისევ ჩატეხილია და გულები გაყინული. ბევრი შრომა სჭირდება, რომ ყველაფერი აღდგეს და დალაგდეს. რაც შეეხება ჩემს მეორე პიესას, ,,კარუსელი“, ის 2008 წელს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, არტოს ბაღის თეატრალურმა სტუდიამ წარმოადგინა. მისი რეჟისორი იოანე ხუციშვილი იყო..
ყველაზე დიდ გამარჯვებად რა მიგაჩნიათ?
– საკუთარ თავზე გამარჯვება.
– თქვენს ესიეში, რომელიც გოდერძი ჩოხელზეა, ზუსტად მისთვის მიგნებული სიტყვებით საუბრობთ..
–  მიხარია, რომ ასე შეაფასეთ, ამ ესიეს, რომელიც გოდერძი ჩოხელზე დავწერე, ,,ნაწილიანი“ დავარქვი და ერთ პატარა ნაწყვეტს გავაცნობ თქვენს მკითხველს: “ქალაქში კი გაოცებულნი კითულობდნენ მის ნაწერებს, მის ფილმებს ნახულობდნენ და ესაც უკვირდათ. რაღაც ძალიან დიდი და დაუფარავი სიმართლე ელაპარაკებოდათ იქიდან. ხანდახან ამუნათებდათ, ხანდახან ეფერებოდათ. რაღაც დიდი სიმართლე იყო, მშობლიური და მთქმელის ტყავზე გამოცდილი. თქვენ წარმოიდგინეთ, იმათთვისაც კი მშობლიური, ვისაც ქართულის და საქართველოსი არაფერი გაეგებოდა. მონუსხულები ისხდნენ და შესცქეროდნენ სამი-ოთხი კალთა მთის ამბებს და მათში ატეხილი ვნებათაღელვების და საკაცობრიო ოცნებების ისტორიას.“
– რომელია, თქვენ მიერ შექმნილი საყვარელი პერსონაჟი?1654757_702039689827196_1665108238_n
– ჩემი საყვარელი პერსონაჟი? ალბათ გოგია, ამავე სახელწოდების ნოველიდან. ეს ხარია, რომელიც სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნდა, ხარი, სახელად გოგია.
ლექსი, რომლის დაწერის საბაბიც განსაკუთრებული უჩვეულო ამბავი, ან განწყობა გამხდარა..
– ვერ ვიხსენებ ასეთ უჩვეულო და მოსაყოლად საინტერესო ამბავს, ამბები ალბათ უფრო პროზისთვის მჭირდება ხოლმე. ლექსს განწყობა ქმნის, სულის გრადაცია, ჰაერის გატოკებაც კი, ხანდახან.
– თუმცა გურამ რჩეულიშვილზე, რომლის შემოქმედებამაც თქვენზე იმოქმედა,- გაქვთ დაწერილი ლექსი ..

–  ამ კითხვის პასუხად ამონარიდს წაგიკითხავთ ლექსიდან:

,,ერთხელ ერთი წიგნი ავიღე და
იმის მერე ყველაფერს
სამყაროში
იმ წიგნს ვატოლებ,
ერთი ბიჭი შემიყვარდა
რომელიც თვალითაც არ მინახავს
რადგან,
სანამ დავიბადებოდი
30 წლით ადრე მოკვდა –
ცალ ხელში მზე ამოეჩარა და
მეორეთი კი ზეცას ფილტვებიდან უღებდა
წყალს…
იმდენი წელი ვიცოცხლე
რამდენიც იმ ბიჭმა და,
კიდევ ცოტათი მეტი,
მაინც იმის წილ ღრუბელს
მოვიჩოჩებდი ხოლმე და
ხბოსავით შევუყოფდი თავს,
სადაც წავედი
ყველგან მარტოობის მათრახით გამომყვა,
იმსიმაღლიდან დამყვიროდა და
ლაჟვარდის ხმა ჰქონდა,
მე ვეღარავინ მოვატყუე
ლაჟვარდს ვერ ვუღალატე,
სახლიდან გავედი და
სახლი წყალმა წაიღო.“

როგორია ადგილი, თქვენი სულიერი თავშესაფარი?1781425_702039743160524_1402225908_n
– ეს ძალიან პირობითი ადგილია, სულიერ თავშესაფარს რასაც ვეძახით. და მუდმივად იცვლება, ანუ, ჩემს წარმოსახვაში შექმნილი, შესაძლოა, “დედამიწურ” ადგილებს სულაც არ დაემთხვას. ეს ხან სადმე აღმოჩენილი მყუდრო ბინაა, ერთი ამოსუნთქვა ოთახი, ხან კარგი კაფე, გულს რომ გაუხარდება ისეთი, ხან ძეგვის მონასტერი და დედა მარიამთან სტუმრობა, ხან ფშავი და შუაფხოს მთები, ხან არც ერთი აქ ჩამოთვლილი, არამედ რაღაც სხვა, სადღაც სხვაგან… საბოლოოდ ალბათ მაინც ოჯახი, რადგან ისაა, ყველაზე მიახლოებული ნამდვილ თავშესაფარს, სადაც არის დედა,  ამქვეყნად შენი ყველაზე დიდი ჭირისუფალი, ძმა და მისი პაწაწინა ოჯახი, ძველი ნივთები და ყოველი დღის საყვარელი ვერცხლისფერი მტვერი….
მინდა, განავრცოთ: ცხოვრება ისაა, რაც
– რაც ადამიანად გაქცევს, რაც ამქვეყნად შენი არსებობის აზრს გაგაგებინებს, რაც თავს შეგაყვარებს, რის გამოც სხვასაც ეყვარები, ეტკინები, გაგიბრაზდება და  გაპატიებს…

თეონა გოგნიაშვილი  

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები