“ჰამასში”ირწმუნებიან, რომ “ალ-შიფას” საავადმყოფოში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან
“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ექიმმა აშრაფ ალ-კუდრამ მას შემდეგ, რაც გვიან ღამით “ალ-შიფას” საავადმყოფოში ისრაელელი ჯარისკაცები შევიდნენ განაცხადა, რომ კომპლექსში მხოლოდ უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან – პაციენტები, ექიმები და ადგილობრივი მოსახლეობა.
„ჩვენ არაფრის გვეშინია და არც დასამალი გვაქვს რამე“, – ციტირებს ექიმს Al Jazeera.
“ალ-შიფაში” ისრაელის ოპერაციის დაწყებამდე სამი საათით ადრე, ალ-კუდრამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც, კერძოდ, თქვა, რომ პალესტინის მხარე მზადაა საავადმყოფოში ისრაელის სამხედროები შეუშვას, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ შეიარაღებული ადამიანები არ იმყოფებიან.
დილით Al Jazeera-სთან საუბარში, ღაზას სექტორის ყველა საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ზაკუტმა თქვა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები სარდაფებს ამოწმებენ. მისივე თქმით, ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოს ორ შენობაში შევიდნენ.
პალესტინის ტერიტორიების მეორე ნაწილის, დასავლეთ სანაპიროს ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-ქალამ ისრაელის არმიის ოპერაციას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უწოდა.
„სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სიცოცხლეზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალებს ვაკისრებთ“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.