ივანე ჩხაიძე: „ვოსორიტიდი“ ახალი პრეპარატია და მისი გამოყენების გამოცდილება მსოფლიოში არავის ჰქონდა, ამიტომ, ფრთხილად ვართ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის დასაწყებად კლინიკა სპეციალურად მოემზადა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა.
„ძალიან საპასუხისმგებლოა და სპეციალური მომზადება დასჭირდა ამ პროცესს: პერსონალის ტრენირება, თავად ბავშვების მომზადება, მათი სრული გამოკვლევა, რაზეც გარკვეული დრო დაიხარჯა. ყველა ბავშვთან დაგვჭირდა ენდოკრინოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება. პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის და პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, ასევე მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ტარდება საავადმყოფოში ინიექცია და ამიტომ გვჭირდება ინიექციის გაკეთებიდან ერთსაათიანი მეთვალყურეობა, რათა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ჩარევა დროულად განხორციელდეს. ყველაზე სერიოზული მოვლენა, რასაც მედიკამენტის მწარმოებელი აფიქსირებს, არის წნევის ვარდნა. გარდა ამისა, შესაძლებელია სტანდარტული გვერდითი მოვლენა, რაც თან ახლავს ინიექციას – მტკივნეულობა, შეშუპება, სიწითლე ინიექციის ადგილზე. ამიტომ ინიექციიდან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება ბავშვების მეთვალყურეობა და ყველა შემდეგი ბავშვის შემთხვევაში, სტანდარტული წესი შენარჩუნდება. „ვოსორიტიდი“ არის ახალი პრეპარატი და მისი გამოყენების გამოცდილება მსოფლიოში არავის ჰქონდა, ამიტომ ფრთხილად ვართ. ამისთვის დაგვჭირდა პერსონალის მომზადება, რაც უშუალოდ მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა. ვფიქრობთ, ხვალინდელი დღე იქნება უსაფრთხო. ნებისმიერი ინექციის, პერაპარატის შემთხვევაში არსებობს ალბათობა ძლიერი ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიური რეაქციის, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ და ასეთი შემთხვევებისთვის ყველა დაწესებულება მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.