“ჩვენი მიზანი ყველა დაქირავებული/დაგირავებული ბინის კონტროლზე აყვანაა, ბინაში შესახლებამდე გაზის სისტემის, დანადგარების უსაფრთხოების შემოწმება მოითხოვეთ” – “თბილისი ენერჯი”

“უკანასკნელი 3 წლის მანძილზე CO-თი გარდაცვლილი რვა ადამიანიდან რვავე ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში იყო. ჩვენი კომპანიის ახალი მიმართულება, მიზანია ყველა დაქირავებული და დაგირავებული ბინის შემოწმება, კონტროლზე აყვანა”, – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომსახურება სრულიად უფასოა.

“ბოლო 5 წლის მანძილზე ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ღია წვის კამერიანი დანადგარები, მათთან ბრძოლა, ასეთი დანადგარების მომხმარებლების ქსელიდან ჩახსნა და შემდეგ თავიდან, განმეორებით შემოწმება იყო. მედიასთან, სოციალურად პასუხისმგებლიან აბონენტებთან, მოქალაქეებთან ერთად მრავალწლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს აბონენტებთან ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება მინიმუმამდეა დასული. ეს სასიხარულო ფაქტია, მაგრამ გამოიკვეთა მეორე უარყოფითი მოვლენა, რაც ისევ და ისევ ღია წვის კამერიანმა დანადგარებმა გამოიწვია. ეს დაქირავებული და დაგირავებულ ბინებს უკავშირდება. მოკლე სტატისტიკას გეტყვით: უკანასკნელი 3 წლის მანძილზე CO-თი გარდაცვლილი რვა ადამიანიდან რვავე ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში იყო. ჩვენი კომპანიის ახალი მიმართულება, მიზანია ყველა დაქირავებული და დაგირავებული ბინის შემოწმება, კონტროლზე აყვანა.
მინდა, ეთერით ვისარგებლო და ბინის ყველა მესაკუთრეს, ვინც ბინის გაქირავებას აპირებს ან უკვე გაქირავებული აქვს, მოვუწოდო: ისარგებლეთ ჩვენი ახალი პროექტით, 24/7-ზე ცხელ ხაზზე 2-40-40 – 04-ზე დარეკეთ და თქვენ მიერ გაქირავებული, ან გაგირავებული ბინის შემოწმება მოითხოვეთ. მომსახურება სრულიად უფასოა. ჩვენი სპეციალისტები თქვენს საკუთრებაში ზარიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში მივლენ, ბინას შეამოწმებენ და უსაფრთხოების შემოწმების აქტს დაწერენ. მინდა, ასევე მოვუწოდო ყველას, ვინც აპირებს, ბინა იქირაოს ან იგირაოს, ბინაში შესახლებამდე გაზის სისტემის, დანადგარების უსაფრთხოების შემოწმება მოითხოვეთ”, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

მისივე ინფორმაციით, აბონენტების მხრიდან სპეციალისტების მიერ ჩახსნილი დანადგარების გაზის ქსელზე კვლავ მიერთების ფაქტები მინიმუმამდეა დასული.

“მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ჩვენი კომპანია ვალდებულია, წელიწადში ერთხელ ჩვენი ყველა აბონენტის შიდა გაზიფიცირება, ქსელი და დანადგარები შეამოწმოს. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ერთხელ შემოწმების შემდეგ, როცა დანადგარები იხსნებოდა, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ამორჩევით, 2-3 თვის შემდეგ უკან მიდიოდნენ და აბონენტებს კვლავ ამოწმებდნენ. წინა წლების სტატისტიკით, ჩახსნილი დანადგარების უკან მიერთება დაახლოებით 35-40 განმეორებით შემოწმებულ აბონენტში ფიქსირდებოდა, ეს სავალალო რიცხვი იყო. 100 აბონენტიდან 35-40 ჩვენს მითითებას ყურად არ იღებდა და გაზის ქსელზე იმავე დანადგარს აერთებდა. წლევანდელ წელს ვითარება რადიკალურად შეცვლილია: მინიმუმამდეა დასული ღია წვის კამერიანი დანადგარები, აბონენტებს განმეორებით დღესაც ვამოწმებთ და სპეციალისტების მიერ ჩახსნილი დანადგარის კვლავ მიერთების ფაქტები მინიმუმამდეა დასული”, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები