საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა შოთა მიქაუტაძემ ესპანეთის სამეფოში მიღება გამართა

საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა შოთა მიქაუტაძემ  ესპანეთის სამეფოში მიღება გამართა. აღნიშნული ღონისძიება მოეწყო ესპანელი სტუმრებისთვის საქართველოს, ქართველი ერისა და მისი უნიკალურობის გაცნობის მიზნით.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას დაესწრნენ  CEU უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და პროფესორები, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ესპანელი სტუდენტები და სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრები.

“ღონისძიების პრეზენტატორმა შოთა მიქაუტაძემ ისაუბრა აბრეშუმის გზის სტრატეგიული ნაწილის აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მნიშვნელობაზე,  გეოლოკაციაზე, ქართულ ანბანზე, არქეოლოგიურ ფაქტებზე, კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე, რომლებიც ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ხაზი გაესვა ქართულ მეღვინეობას, რომელიც , 8000 წელზე მეტია,საქართველოს კულტურული და ისტორიული საგანძურია;

ისაუბრა თბილისის, როგორც დედაქალაქის, კულტურის, არქიტექტურული მემკვიდრეობებისა და თანამედროვეობის უნიკალურ, მრავალფეროვან ისტორიაზე, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესწავლით დაინტერესებულ მოგზაურთათვის.

ახალგაზრდა ელჩმა განსაკუთრებით გამოკვეთა ქართული სტუმართმოყვარეობა, როგორც ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილი.ღონისძიება შოთა მიქაუტაძემ ჩაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ახალგაზრდა ელჩის პროგრამის“ ფარგლებში.

„ახალგაზრდა ელჩის პროგრამა“ ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელების საშუალებით უცხო ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ამ ღონისძიების მხარდამჭერნი იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები