დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წინანდალში გასვლითი სხდომის ფორმატში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

ცვლილებით, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ შენარჩუნდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და მეორე მხრივ, მინიმალიზირებული იყოს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები.

„2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს და ეს შესაბამისად გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, სწორედ აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტით იცვლება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან/და განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე, რაც ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.

პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ცვლილების თანახმად, იცვლება სააგენტოს დასახელება და ახალი დასახელება იქნება „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო”. ასევე, იცვლება და ზუსტდება რამდენიმე საკითხი, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ კონცენტრაციის მონაწილე მხარე შესაძლოა არ იყოს ეკონომიკური აგენტი, არამედ იყოს უბრალოდ ფიზიკური პირი, აღნიშნულ პუნქტებში ტერმინი „ეკონომიკური აგენტი ან აგენტები” იცვლება ზოგადი ტერმინებით -„პირი/პირები”, და „კონცენტრაციის მხარე/მხარეები”. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარე ან/და სხვა პირი არ იბარებს, უარს აცხადებს კონკრეტული კორესპონდენციის ჩაბარებაზე. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მხარისათვის გასაგზავნი კორესპონდენცია შესაძლებელია აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე.

დავით სონღულაშვილის თქმით, ცვლილების მიღების შედეგად გამოსწორდება კანონში არსებული შინაარსობრივი და ტექნიკური ხარვეზები, დაკონკრეტდება ღიად არსებული რამდენიმე საკითხი, რაც საბოლოო ჯამში, გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, ეს კი დადებითად აისახება ქვეყნის საბაზრო სტრუქტურაზე, ეკონომიკური აგენტების საქმიანობასა და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე.

კანონპროექტთა პაკეტს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები