“როდესაც “ჰამასი” და სხვა ორგანიზაციები ჯიჰადს აცხადებენ, ის მხოლოდ ებრაელების წინააღმდეგ არ არის მიმართული” – ექსპერტები ევროპაში ტერაქტებს არ გამორიცხავენ

გერმანიაში უკვე რამდენიმე დღეა, ისლამისტური და ანტისემიტური დემონსტრაციები იმართება.

ესენში, ერთ-ერთ მათგანზე ისლამისტებმა გერმანიაში ხალიფატის გამოცხადებისკენ მოუწოდეს და აფრიალეს პლაკატები, რომლებზეც ნახსენები იყო ISIS-ი და “თალიბანი”.

როგორც Bild-ს ​”ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის” ისლამიზმის საკითხებში ექსპერტმა, ერან ლაჰავმა უთხრა, “პალესტინელების ბევრი მეგობარი” არ არის დაინტერესებული ღაზას სექტორით, არამედ რელიგიური ომით ურწმუნოებთან – ჯიჰადი.

მისი აზრით, ამ მხრივ, ყველაზე რადიკალური ისლამისტები იყენებენ ახლო აღმოსავლეთის ომს თავიანთი ძალაუფლების გასაფართოებლად.

ლაჰავი, რომელიც მრავალი წელია, ისლამისტურ ჯგუფებს სწავლობს, ამბობს, რომ ისლამისტები ევროპაში ისევ იწყებენ აღმასვლას.

“ტერორისტები ერთმანეთს შთააგონებენ. ,,ჰამასი,, ISIS-ის მიერ იყო შთაგონებული ისრაელზე თავდასხმისთვის. ახლა ISIS იყენებს ჰამასის შეტევას ახალი მიმდევრების მოსაზიდად და მისი წევრების მობილიზებისთვის”, – განმარტა ექსპერტმა.

ლაჰავის თქმით, ისლამისტური ტერორისტული ჯგუფები „სოციალურ ქსელებში უკვე მოუწოდებენ აჯანყებისკენ ებრაელებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ“, რომლებსაც ისინი „ჯვაროსნებს“ უწოდებენ.

“ეს არ არის პალესტინის ომი, არამედ ისლამური ომია”, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.

ლაჰავი ამბობს, რომ სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული ასეთი დემონსტრაციების საფრთხე, რომლებიც პალესტინასთან სოლიდარობის საფარქვეშ იმართება.

„მოისმინეთ, რას ყვირიან გერმანიაში დემონსტრაციებზე. დიახ, თქვენ გესმით „თავისუფალი პალესტინა“. მაგრამ ეს უფრო მეტია. ისინი ყვირიან „ტაკბირს“ და „ალაჰ აკბარს“. მათთვის ისრაელი მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ ომში. ისრაელი არის ამ ომის ფრონტის ხაზი და მას დანარჩენი მოჰყვება“, – განმარტა ლაჰავმა.

სოციალურ მედიაში სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის პოსტების მონიტორინგის დროს ექსპერტმა დაინახა ძალადობისკენ მოწოდებების მასიური ზრდა.

მისი თქმით, ტერორისტები აქვეყნებენ დეტალურ ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააზიანონ ებრაელები და ქრისტიანები და ასევე მოუწოდებენ თავდასხმას „ებრაულ და ქრისტიანულ საელჩოებზე“, სინაგოგებისთვის ცეცხლის მოკიდებისა და სხვა შენობებზე თავდასხმისკენ.

„რადიკალური ისლამისტები ხედავენ იმ გავლენას, რაც ,,ჰამასის,, თავდასხმამ ისრაელზე იქონია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მცდელობები, განმეორდეს რაღაც იგივე ევროპაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება განსხვავებული სცენარი, რადგან ევროპაში უბრალოდ არ შეიძლება რამდენიმე ქალაქის დაკავება და ასობით ადამიანის გატაცება“, – დასძინა ექსპერტმა.

მისი აზრით, ეს იქნება არასტანდარტული თავდასხმები და ტერაქტები, რომლებიც საზოგადოების შემდგომ შერყევას ისახავს მიზნად.

“როდესაც ,,ჰამასი,, და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ჯიჰადს აცხადებენ, ის მხოლოდ ებრაელების წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული”, – ამბობს ლაჰავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები