“საქართველოში ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია, ინტერნეტმომსახურება მივიღოთ” – უჩა სეთური Starlink-ის ინტერნეტის საქართველოში ხელმისაწვდომობაზე
“Starlink-ის ინტერნეტის საქართველოში ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავია, რადგან გაჩნდა სრული დაფარვა, საქართველოში ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია, ინტერნეტმომსახურება მივიღოთ” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, უჩა სეთურმა განაცხადა.
მისი თქმით, Starlink-ის ინტერნეტი პრემიუმ, ძვირად ღირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომელიც არსებული სადენიანი, ან უსადენო ქსელების ალტერნატივად არ უნდა განვიხილოთ.
“ერთ-ერთი მთავარი და აქტუალური კითხვაა – არის თუ არა ეს იმ სერვისის ჩამნაცვლებადი, რომელიც დღეს ქალაქებსა და სოფლად გვაქვს, რას შეცვლის ეს ქვეყანაში, ინტერნეტმოსმახურების ბაზარზე? თავიდანვე უნდა ითქვს, რომ Starlink-ის ინტერნეტის საქართველოში ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავია, რადგან გაჩნდა სრული დაფარვა, უალტერნატივო, საქართველოში ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია, ინტერნეტმომსახურება მივიღოთ. აქამდე, იგივე მაღალმთიან, სხვადასხვა პრობლემურ ადგილში, ნაკლებად დასახლებულ ზონებშიც კი ეს გამოწვევა იყო. ეს არის პრემიუმ, ძვირად ღირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისი, რომელიც არ უნდა განვიხილოთ როგორც არსებული სადენიანი, ან უსადენო ქსელების ალტერნატივა, იმიტომ, რომ ის ძვირია, ხარისხობრივად, შესაძლოა, იგივე იყოს, ან არსებულ მომსახურებას ოდნავ ჩამოუვარდებოდეს, ოპტიკას არ ვადარებ, რადგან უბრალოდ არასწორია. ოპტიკა ძალიან მაღალტექნოლოგიური, მაღალსიჩქარიანია, შეიძლება 4 G-სთანაც არ ღირს მისი შედარება. თუმცა, იქ სადაც რომელიმე ოპერატორის მიერ შემოთავაზებული მიღების ალტერნატივები არ გვაქვს , ეს ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია. მარტივია მისი აწყობა და ინტერნეტში ჩართვა, სულ ორი შეერთებაა საჭირო. არსებული ძველი ანალოგები საკმაოდ ძვირი და რთულად მოწყობადი იყო. ამ შემთხვევაში ამოიღებ თეფშს და 2 წუთში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გაქვთ, არ სჭირდება სპეციალური ცოდნა, კუთხეების გამოთვლა, თანამგზავრის მოძებნა და ა.შ. თეფში თანამგზავრს თავად პოულობს.
კიდევ ერთხელ მადლობა კომპანიას, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა და ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა მოგვცა. რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink შემოვიდა”, – განაცხადა სეთურმა.
როგორც ცნობილია, მომსახურებაზე ყოველთვიური გადასახადი 160 ლარია, მიმღები მოწყობილობა კი დამატებით (ერთჯერადად) 1 780 ლარი ჯდება. სეთურმა განმარტა, ვინ შეიძლება იყოს Starlink -ის მომხმარებელი.
“გვგონია, რომ მომხმარებლები, პირველ ყოვლისა, ის ადამიანები იქნებიან, ვისაც მოგზაურობა უყვარს.რაც შეეხება ფასს – ვთქვათ, რასთან შედარებითაა ძვირი, არსებულ თანამგზავრულ სერვისებთან შედარებით, ხარისხობრივად, თვისობრივად, თანხობრივად ბევრად იაფია, მისი შედარება არსებულ ოპტიკურ სიჩქარეებთან ტექნოლოგიურად, ხარისხობრივად, ფასის ჩანაცვლების კუთხით უბრალოდ არ შეიძლება, რადგან ეს განსხვავებული პრემიუმსერვისია. შედარება სწორი არცაა, ტექნოლოგიურად ის არის მიწისზედა ოპტიკური შეერთება, ეს არის თანამგზავრული ინტერნეტკავშირი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული, ძვირადვღირებულია. მას არ სჭირდება მიწისზედა ქსელი, მომხმარებელი მომსახურებას პირდაპირ თანამგზავრიდან იღებს. მთავარი აქ ისაა, რომ ეს არის უალტერნატივო, ძვირიანი სერვისი, რომელსაც პრემიუმმომსახურება შეიძლება, დავარქვათ. ამას იღებს მომხმარებელი, რომელსაც აქვს დენის წყარო , მიმღები მოწყობილობა , საშუალება, რომ სააბონენტო გადაიხადოს და ეს მომსახურება ნებისმიერ ლოკაციაზე მიიღოს, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონში ბიზნესს ფლობს, პირობითად, მყინვარწვერზე რაღაც სერვისი აქვს. მთავარი აქ არის ის, რომ ნებისმიერ ადგილას, გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს სერვისი მივიღოთ”, – განაცხადა სეთურმა.
ცნობისთვის, SpaceX-ის დამაარსებელმა, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში Starlink -ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია.
“კომუნიკაციების კომისიამ” ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა.
“ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ილონ მასკის Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომია.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი” – ნათქვამია “კომუნიკაციების კომისიის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.