პალესტინაში დაღუპულთა რიცხვი 8525-მდე გაიზარდა, მათგან 3542 ბავშვია
“ჰამასსა” და ისრაელს შორის 7 ოქტომბერს დაწყებულ ომს პალესტინაში, სულ მცირე, 8525 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3542 ბავშვია.
ამის შესახებ ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, – წერს SkyNews.
მათივე ცნობით, ღაზაში 15 საავადმყოფო და 32 სამედიცინო ცენტრი არ მუშაობს, თუმცა, არ არის დაზუსტებული ამის მიზეზი.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, საწვავის დეფიციტის გამო, ზოგიერთი დაწესებულება დაიხურება.
30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ “ჰამასი” დიდი რაოდენობით საწვავს აკავებს, რათა ის ისრაელის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს, იმის ნაცვლად, რომ საწვავი მოქალაქეებს და საავადმყოფოებს მიაწოდოს.