უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რომ წლის ბოლოს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს.
„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია, სადაც იყო უფრო მარტივი და უფრო რთული გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისთვის, თუმცა მათ შეასრულეს. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს ერთიანობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – დასძინა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძირითადად ევროკავშირის მთელ მომავალ გზას განსაზღვრავს.
„ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.