პოლონეთი ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს იწყებს

პოლონეთი ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს, – ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობა იუწყება.

„ოქტომბერ-ნოემბრის მიჯნაზე ჯარების ტაქტიკური წვრთნები სახელწოდებით „ZUBR-23“ გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, წვრთნებთან დაკავშირებით გზებზე, ქალაქებსა და ტყეებში პოდლასკის, მაზოვიეცკის, ლუბლინისა და ვარმია-მაზურიის სავოევოდოების ტერიტორიებზე ჯარების და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება გაიზრდება.

წვრთნები 26 ოქტომბრიდან დაიწყება და კვირის ბოლომდე აქტიურ ფაზაში გაგრძელდება.

„მანევრები გამიზნულია არა მხოლოდ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად, არამედ იმისთვის, რომ ჯარები ექსტრემალურ პირობებში ოპერაციებისთვის მოემზადოს“, – აღნიშნულია გენერალური სარდლობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები