გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებს, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.
”მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ “, – განაცხადა ერდანმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა:„პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და სახლები დაინგრა. საკუთარი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.