„ომი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ და აღნიშნა, რომ ომი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„მოემზადეთ მომავალი ამოცანებისთვის, ომი მხოლოდ ახლა იწყება. და სამწუხაროდ, ფასის გადახდა მოგვიწევს. მოემზადეთ კარგად, მოემზადეთ ფიზიკურად და გონებრივად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ჩვენ მივალთ ბრძოლის ველზე და გავანადგურებთ „ჰამასს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აქ ვერ ვიარსებებთ“, – განუცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.