„ჯოჯოხეთი გამოვიარე“ – რას ჰყვება „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევალი

„ჯოჯოხეთი გამოვიარე“, – ამის შესახებ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა 85 წლის ქალმა, იოხევედ ლიფშიცმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქალბატონი ლიფშიცი და მისი ქმარი „ჰამასის“ ტერორისტებმა გაიტაცეს, მისი მეუღლე კი კვლავ ტყვეობაში რჩება.

მისი თქმით, ის 17 დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში, გვირაბებში ჰყავდათ დატყვევებული.

როგორც ლიფშიცი აღნიშნავს, გატაცების დროს მას ჯოხით სცემეს, თუმცა შემდეგ ნორმალურად ექცეოდნენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, გათავისუფლებისას ერთ-ერთი გამტაცებლისთვის ხელი ჩამოერთმია. ამასთან,  ქალი აცხადებს, რომ მძევლების უმეტესობას კარგად ეპყრობოდნენ.

ლიფშიცის თქმით, მძევლებს ჰქონდათ საკვები, მას აკითხავდა ექიმი და წამლებს აძლევდა. როგორც მან აღნიშნა, მძევლებსა და მათ მცველებს ერთი და იგივე საკვები, კერძოდ, პური, ყველი და კიტრი ჰქონდათ. გათავისუფლებული ქალი ამბობს, რომ მცველებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც მძევლებს ჰიგიენის დაცვაში ეხმარებოდნენ.

პრესკონფერენციის დასასრულს ყოფილმა მძევალმა ისრაელის მთავრობა გააკრიტიკა  და თქვა, რომ ქვეყანა „ჰამასის“ მხრიდან თავდასხმის საფრთხეს არასერიოზულად მიუდგა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები