გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ფრანგული გამოცემის ცნობით, გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო.
„მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა.
ამ უზარმაზარი ტანჯვის შესამსუბუქებლად, დახმარების უფრო უსაფრთხოდ განაწილების გასაადვილებლად და მძევლების გათავისუფლების ხელშესაწყობად, მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.