ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზაში კონფლიქტის გაფართოებას გამოიწვევს
ისრაელის მიერ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება კონფლიქტის გაფართოებას გამოიწვევს, – ამის შესახებ ამერიკელმა ეკონომისტმა, ჯეფრი საქსმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„თუ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, ეს ომის გაგრძელებას გამოიწვევს. არა მგონია, მუსლიმური სამყარო მშვიდად და პასიურად შეხვდეს, თუ ისრაელი ღაზაში ხოცვა-ჟლეტას განახორციელებს, განსაკუთრებით სახმელეთო ოპერაციის სახით“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ჯეფრი საქსმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული კონფლიქტი ხელს შეუწყობს მუსულმანურ სამყაროს მშვიდობის საძიებლად გაერთიანებაში.
„იმედი მაქვს, რომ ეს კონფლიქტი მუსულმანურ სამყაროს მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ გააერთიანებს. მუსულმანურმა სამყარომ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს პალესტინა-ისრაელის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტა, განსაკუთრებით პალესტინის სახელმწიფოს პრობლემა, ასევე კონფლიქტის დემილიტარიზაციის გეგმა, მათ შორის „ჰამასის“ განიარაღება და გაეროს სამშვიდობო მისიის შემოღება“, – აცხადებს ექსპერტი.