ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ მიერ ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლება დაადასტურა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ადამ დენიელ ჰაგარმა დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა და ამჟამად ისინი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან.

მისი თქმით, გათავისუფლებულები დედა და მისი ქალიშვილი, ჯუდით და ნატალი რაანანები არიან.

„ჰამასი“ ცდილობს, მსოფლიოს წინაშე წარდგეს ისე, თითქოს მძევლებს ჰუმანიტარული მიზეზებით ათავისუფლებს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელ ტერორისტულ ჯგუფზე, რომელსაც ამ დროს ტყვედ ჰყავს ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები“, – განაცხადა ჰაგარმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ძალისხმევას, რათა მძევლები ქვეყანაში დააბრუნოს.

ამასთან, ჰაგარი დასძენს, რომ IDF ჯერ კიდევ ემზადება „ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის“, რომელიც სავარაუდოდ, ძირითად სახმელეთო შეტევას მოიცავს.

„ბრძოლა სავარაუდოდ, კიდევ ბევრი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები