„ჰამასი“ აცხადებს, რომ ტყვეობიდან ამერიკის 2 მოქალაქე, დედა და ქალიშვილი გაათავისუფლა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცეს. მათი გათავისუფლება „ჰუმანიტარული ნიშნით“ მოხდა, რადგან დედა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ეს არის კატარსა და „ჰამასს“ შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს ისრაელიდან 200-მდე ადამიანი გაიტაცა.
„კატარის ძალისხმევის საპასუხოდ, ალ-კასამის ბრიგადებმა გაათავისუფლეს ორი ამერიკელი მოქალაქე (დედა და მისი ქალიშვილი) ჰუმანიტარული მიზეზების გამო და იმისთვის, რომ ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ბაიდენის და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა აბუ ობაიდამ განცხადებაში.
თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამასთან, კომენტარს არ აკეთებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.