მედია: ღაზაში მდებარე საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ, პალესტინის პრეზიდენტმა ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ღაზაში მდებარე საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ლიდერებთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პალესტინის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროს არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს, გარდა ამ ომის შეჩერებისა. ამჯერად სამიტის გამართვას არავისთვის არ აქვს სარგებელი“, – თქვა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ Al Jazeera Arabic-ზე.

როგორც ცნობილია, ბაიდენი თელ-ავივში ვიზიტის შემდეგ ამანში, იორდანიაში უნდა ჩასულიყო. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების ლიდერი იორდანიაში არ გაემგზავრება.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოს „ისლამური ჯიჰადის“ მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები