„გერმანიის ადგილი ისრაელის გვერდითაა“ – შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თელ-ავივში ჩასვლას „მეგობრებთან რთულ დროს ვიზიტი“ უწოდა და ისრაელს გერმანიის მხარდაჭერა დაუდასტურა.

ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„როგორც გასულ კვირას პარლამენტში ვთქვი, გერმანიისთვის მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება იყოს რთულ დროს: ისრაელის გვერდით. ისრაელისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება გერმანიის სახელმწიფოებრივი საფუძველია. გერმანიის პარლამენტი კი ამ პოზიციას ერთხმად უჭერს მხარს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ აქ, ისრაელში, ამ რთულ ვითარებაში: გერმანიის ისტორია, ჩვენი პასუხისმგებლობა ჰოლოკოსტის შემდეგ, ნიშნავს, რომ ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა დაგმო „ჰამასის“ ტერორისტების სისხლიანი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

მანვე დასძინა, რომ ისრაელს ჰქონდა უფლება დაეცვა თავი „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ.

„ნათელია, რომ ისრაელს ჰუმანიტარულ სამართალში აქვს უფლება დაიცვას თავი ამ ტერორისგან. ყველა სახელმწიფოს ვალია დაიცვას თავისი მოქალაქეები“, – აღნიშნა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები