“სტატისტიკა ვერ უმკურნალებს იმ ოჯახებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ტკივილი მიადგათ”

    საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, კრიმინოგენური ვითარება სტატისტიკის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. როგორც მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, სტატისტიკა ვერ უმკურნალებს იმ ოჯახებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ტკივილი მიადგათ.
“ეს თემა სტატისტიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, რადგან არიან ოჯახები, რომლებსაც ბოლო დროს მიადგათ ტკივილი, თავი იგრძნეს დაუცველად. მე თანავუგრძნობ ყველა ოჯახს, მათ ტკივილს. აქ სტატისტიკით ვერ უმკურნალებ მათ ტკივილს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, სიტუაციის გამოსასწორებლად, მთავარია საზოგადოება ბოლომდე ენდობოდეს პოლიციას.
“რა უნდა გაკეთდეს?! პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმის თაობაზე, როგორ გავხადოთ უკეთესი ჩვენი მუშაობა კრიმინოგენური ვითარების ჩაცხრობისთვის. მე მომწონს, რომ პრემიერ-მინისტრი ღელავს იმ იმიჯით, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამაზე დარდობს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?! რეალურად კრიმინოგენური ვითარების დამარცხება ხდება მაშინ, როცა საზოგადოება ბოლომდე ენდობა თავის პოლიციას, ნდობა ფორმიანი ადამიანის მიმართ მაღალია, ეს არის ის მომენტი, რა მომენტიდანაც კრიმინალი სუსტდება ქვეყანაში და მარცხდება. ეს ნდობა მუდმივად გასაღრმავებელია. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პატრული, პოლიციის თანამშრომელი იყოს დამცველი და მასთან ამყარებდეს მოქალაქე ურთიერთობას, როცა უჭირს, იფიქროს იმის თაობაზე, როგორ დაიხმაროს სამართალდამცავი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები