გიორგი ამილახვარი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ სტუდენტებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და მათთან უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.
მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და SDSU-ს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და 500-ზე მეტი კურსდამთავრებული მართლაც წარმატებული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.
სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „სან დიეგოს უნივერსიტეტის“ გლობალ-კამპუსის დეკანმა იან გიბსონმა, SDSU-საქართველოს დეკანმა ჰალილ გუვენმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.
საქართველოს მთავრობისა და „სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ პარტნიორობის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.