ზაზა ლომინაძე: განცხადება, თითქოს, საქართველოს მოსახლეობა დროულად და სათანადოდ ვერ იღებს სამედიცინო სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას, სიმართლეს არ შეესაბამება
„სახელმწიფოს შეძენილი აქვს და სულ მალე შემოვა 15 ახალი რეანიმობილი, რომელიც ოთხ მუნიციპალიტეტში განთავსდება: მესტია, ტყიბული, სენაკი და ლაგოდეხი და ასევე პედიატრიული რეანიმობილები, რომლებიც განთავსებული იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამგვარად, ჩვენი ოპონენტების განცხადება, თითქოს, საქართველოს მოსახლეობა დროულად და სათანადოდ ვერ იღებს სამედიცინო სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოში 319 სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა და 22 რეანიმობილი არსებობს. დახმარება მოქმედებს ტერიტორიული პრინციპით და ეს 319 სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადა ყველა მუნიციპალიტეტს ემსახურება, პაციენტებს უწევენ საჭირო სამედიცინო მომსახურებას და ახდენენ მათ ტრანსპორტირებას.
„რეანიმობილები, საჭიროების შემთხვევაში, ახდენენ პაციენტების ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში ტრანსპორტირებას, თუ იქ ვერ ხდება სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა. ამიტომ აქაც ეს დახმარება არის დროული და სრული სტანდარტით. აღვნიშნავ ასევე, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფომ ხუთი ახალი პედიატრიული მიმართულების რეანიმობილი შეიძინა, რამაც კიდევ ერთხელ შეამცირა დრო დალოდებიდან პაციენტის კლინიკაში გადაყვანამდე. მსურს ჩვენს ოპონენტებს ასევე შევახსენო, რომ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ მიიღო დადგენილება სასწრაფო გადაუდებელი ბრიგადების თანამშრომლების – ექიმების, ექთნების და მძღოლების ხელფასის მატებასთან დაკავშირებით. მათი ხელფასების მატება დამატებით 1-ელკ იანვრიდანაცაა დაგეგმილი”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.