გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი არ არის საქართველოს მტერი
ჩვენ არ ვაპირებთ ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი პროცესით გავამთლიანოთ საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ის ჩვენი მტერი არ არის.
“ქართული სახელმწიფოს გამოკვეთილი მიზანი არის ის, რომ საქართველო იყოს აღიარებული მისი მეზობლების მიერ, რომ ჩვენი ტერიტორიები იყოს დაცული და რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი თავისუფალი არჩევნიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს აგრესია, მეტიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართაც ჩვენ ძალიან ნათლად ვამბობთ, რომ არავითარი აგრესია არ არის, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი პროცესით გავამთლიანოთ საქართველო.
თუ რუსეთი აღიარებს რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ტერიტორიები, რუსეთი არ არის საქართველოს მტერი. ერთადერთი პრეტენტია რუსეთის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. თუ ეს საკითხი მოიხსნება, საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება რუსეთთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.