ნინო წილოსანი: სიმბოლურია, რომ მსოფლიო სურსათის დღეს, რომლის მთავარი გზავნილია წყლის რესურსის დაცვა, პარლამენტის მიერ მიღებული წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონით ვხვდებით
„სიმბოლურია, რომ წელს სწორედ წყლის რესურსის გარშემო ვერთიანდებით და ამ დღეს პარლამენტის მიერ მიღებული წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონით ვხვდებით. კანონით, რომლის მიზანია ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სუფთა წყალთან მოქალაქეთა წვდომის უფლებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად, წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას”, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ზუგდიდში მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომლის მთავარი გზავნილია „წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები.”
მისი თქმით, წყალი სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამასთან მდგრადი განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სურსათის გონივრულ გამოყენებას, მისგან წარმოშობილი ნარჩენების სწორ მართვას.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და FAO-ს ღირებულებები ერთიანია, რისი ნათელი დასტურიც არის პოლიტიკის დონეზე სურსათის დონაციისა და სურსათის ნარჩენების მართვის საკითხების პრიორიტეტულობა. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა კანონი სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, რომელიც სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოშობის პრევენციასთან, შემცირებასთან, მათი დაგროვების მართვასთან, სურსათის შეწირულებასთან და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსის მდგრად მართვაზე და ხაზგასმით აღნიშნა ირიგაციის თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდების დანერგვის მნიშვნელობა, მათ შორის, წვეთოვანი სისტემების პრაქტიკის დანერგვა, რაც ერთ-ერთ წარმატებული პროგრამის – „დანერგე მომავლის” ფარგლებში გახდა ხელშესახები. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე FAO-ს თანამშრომლობისთვის, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ღონისძიების მასპინძლობისთვის. მსოფლიო სურსათის დღე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ზუგდიდში ერთობლივად აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, FAO-ს, ევროკავშირის, შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები. მსოფლიო სურსათის დღე გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და ყოველ წელს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. მსოფლიო სურსათის დღე ზუგდიდში ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით აღინიშნა.