ლაშა ძებისაშვილი: თავდასხმის მასშტაბი ისრაელზე არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს “ჰამასის” ერთ-ერთი რიგითი გამოხდომაა, ეს არის უფრო დიდი რამისთვის გამიზნული

“თავდასხმის მასშტაბი ისრაელზე არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ”ჰამასის” ერთ-ერთი რიგითი გამოხდომაა. ეს არის უფრო დიდი რამისთვის გამიზნული – ისრაელის ჩათრევა სამხედრო დაპირისპირებაში ჯერ “ჰამასთან”, მერე ჩრდილოეთის ფრონტის გახსნა და კონფლიქტი “ჰესბოლასთან”, – ამის შესახებ ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ისრაელს აუცილებლად მოუწევს ღაზაში შესვლა, ოღონდ ეს ოპერაცია იქნება შედარებით ნელი, ფრთხილი და ძალიან დამანგრეველი – ისრაელი შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს.

“თანდათან იკვეთება, რომ აქამდე არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები, რაც, ავად თუ კარგად, იცავდა მშვიდობას, აღარ მუშაობს და ასეთ დროს იწყება ახალი გადანაწილება. ახლა ის პროცესია, როცა, ერთი მხრივ, შეინიშნება არალიბერალური ანუ ავტორიტარული, ტოტალიტარული სახელმწიფოების გლობალური გაერთიანება, რომელთაც სურთ თავიანი ინტერესების დაცვა და გავლენის გაფართოება, მეორე მხრივ, აქეთ ლიბერალური, დასავლური სამყაროა, რომელიც ძალიან ნელა, დიდი პრობლემებით, მაგრამ თანდათან კონსოლიდირდება. მსოფლიო ორად გაიყო, ბნელ და ნათელ პოლუსებად, თუმცა ორივეს დიდი პრობლემები აქვს. ჯერ ბნელ პოლუსზე ვიტყვი – რუსეთი, რომლის გეგმა იყო უკრაინაში სამხედრო გამარჯვებით ახალ იმპერიად დაბადება, მაგრამ ამ სამხედრო კამპანიამ საფუძველი ჩაუყარა მისი, როგორც იმპერიის საბოლოო დაქცევას. იმედია, ამ პროცესში რუსეთი დასუსტდება, დაემშვიდობება იმპერიულ სტატუსს და გარდაიქმნება ჩვეულებრივ სახელმწიფოდ. ეს რამდენად შესაძლებელია, სხვა საკითხია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რუსეთს ძალზე ცუდი პერსპექტივა აქვს, მათ შორის იმ თვალსაზრისით, თუ რომელი ძალა მოვა პუტინის შემდგომ, შეიძლება უფრო უარესი, უფრო შოვინისტური, ფაშისტური და იმპერიალისტური რეჟიმი დამყარდეს და რუსეთი ავტარქიად ჩამოყალიბდეს, რაც დიდი საფრთხეა ჩვენთვის. ცალკე პრობლემა აქვს ჩინეთს – სერიოზული რეცესია ეკონომიკური, საბანკო სისტემის, სოციალური და ა.შ. ამ თვალსაზრისით სავაჭრო და ეკონომიკური დამოკიდებულება დასავლეთზე დამატებითი ბერკეტია ჩინეთის საწინააღმდეგოდ. მას აქვს დილემა რა ქნას, – დაელოდოს მისი ეკონომიკური დეგრადაციის ნელ პროცესს, რაც, ბუნებრივია, კარგად არ დამთავრდება უპირველესად მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის, თუ გადადგას ის ნაბიჯები, რაც, როგორც მინიმუმ, მმართველ პოლიტიკურ-კომუნისტურ, ტოტალიტარულ ელიტას გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს? ასეთი რეჟიმები სიცოცხლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იხანგრძლივებენ, თუ დასავლეთი დაქუცმაცებულია და არ შეუძლია ერთიანი ფრონტით მათ წინააღმდეგ გამოსვლა.

მეორე წინაპირობაა, თუ ეს სახელმწიფოები მოახერხებენ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადამი­სამართებას უფრო პოლიტიკურ-პატრიოტულ ჭრილში (როგორც რუსეთი უკრაინაში ომით ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაციას და “დიდი რუსეთის” აღდგენას), ჩინეთი შეიძლება შეეცადოს ამას ტაივანში, ჩინეთის ერთიანობის ლოზუნგით იქ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს და მოსახლეობის ყურადღება სოციალური პრობლემებიდან ამ პატრიოტულ საკითხზე გადაიტანოს. ამ ფრონტზე, ბუნებრივია, ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ და გამოიყენებენ ყველა რესურსს. ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთს პრობლემებს შეუქმნის, არის ბუნებრივი მოკავშირე როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის. ამიტომ მიმდინარეობს ახლა ტოტალიტარული ძალების კონსოლიდაცია – რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა… სამხრეთ ამერიკას აღარ შევეხები, ეს ცალკე უნიკალური გეოგრაფიული სფეროა, მაგრამ აფრიკაში – სუდანში, მალიში და სხვაგანაც, საიდანაც ევროპული ძალები იდევნებიან, აშკარად ჩანს რუსული საცეცები. აფრიკაში გააქტიურებულია ისეთი პოლიტიკური პროცესები, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ევროპას, კერძოდ, საფრანგეთს.

რაც შეეხება ისრაელისა და “ჰამასის” დაპირისპირებას, თავდასხმის მასშტაბი ისრაელზე არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს “ჰამასის” ერთ-ერთი რიგითი გამოხდომაა. ეს არის უფრო დიდი რამისთვის გამიზნული – ისრაელის ჩათრევა სამხედრო დაპირისპირებაში ჯერ “ჰამასთან”, მერე ჩრდილოეთის ფრონტის გახსნა და კონფლიქტი “ჰესბოლასთან”. ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური თავდასხმა, რასაც, ბუნებრივია, ისრაელის მწვავე პასუხი მოჰყვებოდა. მისი ჩართულობა ნიშნავს, რომ ისრაელი უნდა შევიდეს ღაზის სექტორში და მთლიანად გააკონტროლოს ის, ანუ გაანადგუროს “ჰამასი”. იქ მას ახლო ბრძოლაში მოუწევს “ჰამასთან” დაპირისპირება, რაც დამთავრდება დიდი მსხვერპლით და ჰუმანიტარული კატასტროფით (ღაზაში 2 200 000 პალესტინელია, უამრავი დაიღუპება და დატრიალდება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ტრაგედია). ამას, ბუნებრივია, გამოიყენებენ გლობალური ანტიისრაელური ფრონტის გასახსნელად, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან დასავლეთის მემარცხენე ძალები. ისინი უფრო ისლამისტურ ტერორისტებს უჭერენ მხარს, ვიდრე დემოკრატიულად ფუნქციონირებად სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში. მეორეა – “ჰამასის” პროვოკაცია მეტყველებს, რომ ეს მხოლოდ მისი იდეა არ იყო, არამედ გაცილებით დიდი მოთამაშის, კერძოდ, ირანის, როგორც აქტორის. “ჰამასსა” და ისრაელს შორის ჩვეულებრივი, რიგითი დაპირისპირებით ირანი სარგებელს ვერ ნახავდა. გავიხსენოთ ბოლოდროინდელი მოვლენები, დაკავშირებული ირანის ბირთვულ პროგრამასთან, მან არ დაუშვა მის ტერიტორიაზე საერთაშორისო ბირთვული სააგენტოს დამკვირვებლები, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის კვლავ მუშაობს ბირთვულ პროგრამაზე. ისრაელს აქვს გაცხადებული, რომ იმ მომენტში, როცა ირანი ერთი ნაბიჯით იქნება დაახლოებული ბირთვული სამხედრო ქობინის შექმნასთან, ის ყველა ძალას გამოიყენებს, რომ გაანადგუროს მისი ბირთვული ინფრასტრუქტურა. ეს დიდი საფრთხის შემცველია, რადგან როგორც კი ირანს ექნება ბირთვული იარაღი, მაშინვე შეიძენს საუდის არაბეთიც, რომელსაც მოლაპარაკება აქვს პაკისტანთან, რომელიც ბირთვული ქვეყანაა. რას ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში ორი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის გაჩენა, ეს მარტივად წარმოსადგენია – როგორც კი ირანი ამ იარაღს შეიძენს, თურქეთი და ეგვიპტე მაშინვე დაიწყებენ იმავეზე ფიქრს. სხვათა შორის, რუსები რომ აშენებენ ანტალიასთან ბირთვულ ელექტროსადგურ “აკუიუს”, დიდი ეჭვი არსებობს, რომ ეს ელექტროსადგური მხოლოდ მშვიდობიან ბირთვულ ენერგიას არ გამოიმუშავებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ირანმა თავის დასაზღვევად საჭიროდ ჩათვალა მაქსიმალურად ჩაითრიოს კონფლიქტში ისრაელი თავის პროქსიორგანიზაციებთან, “ჰესბოლასა” და “ჰამასთან” ომში (მათ შორის, სირიის ტერიტორიის გამოყენებით) ყველა სამხედრო კომპონენტის, შეიარაღებული ძალებისა და მათ შორის საჰაერო ძალების გამოყენებით. ირანის მიზანია ისრაელს აღარ ეცალოს ან აღარ ჰქონდეს ის პოტენციალი და შესაძლებლობა, რათა გამოიყენოს საჰაერო ძალები ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ ირანსა და რუსეთს შორის მუდმივი მოლაპარაკებაა და ირანი სამხედრო დახმარებას აწვდის რუსეთს. ეს ცალმხრივი დახმარება ხომ არ არის, ირანმა რაღაც უნდა მიიღოს საპასუხოდ და ერთადერთი, რისი მიწოდებაც რუსეთს ირანისთვის შეუძლია ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეისთვის, არის ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიები. რუსეთს სჭირდება ირანისა და ჩრდილო კორეისგან საბრძოლო მასალა, ხოლო ამ ორ ქვეყანას რუსეთისგან სჭირდება ტექნოლოგია (ნახაზები, სარაკეტო და ბირთვული ტექნოლოგიები, ნოუჰაუ, ინფორმაცია, თუ როგორ კეთდება რაკეტა, ბირთვული ქობინი და ა.შ.). თუ მსგავსი რამ ხდება, ეს უდიდესი რეგიონული საფრთხეა ისრაელისა და საუდის არაბეთისთვის.

ისრაელს აუცილებლად მოუწევს ღაზაში შესვლა, ოღონდ ეს ოპერაცია იქნება შედარებით ნელი, ფრთხილი და ძალიან დამანგრეველი. ისრაელი შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს. ომი ომია, გამორიცხულია, ვიღაცები ხელთათმანებით ომობდნენ, დანარჩენები კი სისხლში ისვრებოდნენ. ორივე მხარეს მოუწევს მძიმე ფასის გადახდა, რადგან ურბანული ბრძოლა, მიუხედავად ტექნოლოგიური უპირატესობისა, ძალიან ძნელია, თანაც, ღაზა სავსეა მიწისქვეშა გვირაბებით. “ჰამასის” განადგურება შეუძლებელია, თუ ისრაელმა სრულად არ დაიკავა ღაზა, არ გაანადგურა “ჰამასის” სამხედრო ინფრასტრუქტურა, არ გაფილტრა საფუძვლიანად მოსახლეობა და არ დააყენა ახალი ადმინისტრაცია”, – თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე.

რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ კონფლიქტი შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვის წინა პირობა აღმოჩნდეს… – გამორიცხულია, ომი უკრაინაში გაგრძელდება. არის დილემა, ეყოფა თუ არა დასავლეთს ნებისყოფა და სურვილი, რომ ერთ და მეორე შემთხვევაში დაეხმაროს ორივეს, ისრაელსაც და უკრაინასაც (ჯერ არ ვიცით, რა მოხდება ტაივანში, თუმცა იქ დატვირთვა მოვა იაპონიაზე, სამხრეთ კორეაზე, ამერიკასა და ავსტრალიაზე). მნიშვნელოვანია, რამდენად არის მზად დასავლეთი გაითავისოს, რომ ეს არის გლობალური დაპირისპირება, რომელშიც წარმოუდგენელია ნახევარზომებით გამარჯვება. თუკი უკრაინა ომს წააგებს, ეს ნიშნავს: 1. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს დაიკავებს რუსეთი და წნეხი გადადის აღმოსავლეთ ევროპაზე; 2. ევროკავშირის ერთიანობა დაირღვევა, რადგან უკრაინის დაცემით აღმოსავლეთი ევროპა იძულებული იქნება ერთმანეთს მისცენ სამხედრო გარანტიები; 3. სხვა საკითხია ჩრდილოეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები – რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ნიშნავს სასიკვდილო საფრთხეს ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ სკანდინავიის ქვეყნებისთვის, პოლონეთი-მოლდოვა-რუმინეთისთვის (აღარაფერს ვამბობ სამხრეთ კავკასიაზე). ეს მოსალოდნელი შედეგები უნდა გაიაზროს დასავლეთ ევროპამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის იდეაც დასამარდება. ჩვენ გლობალური მასშტაბით არაფერს ვწყვეტთ, რადგან ლილიპუტი ქვეყანა ვართ ლილიპუტი შესაძლებლობებით – ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სამხედრო რესურსებით. ჩვენ გადამწყვეტი სიტყვა არ გვეთქმის. ამ რეგიონულ ომში გიგანტური ძალები იქნებიან ჩართული, ამიტომ თავის დასაზღვევად ჩვენ გვჭირდება: 1. სამხედრო რესურსის მაქსიმალურად მობილიზება; 2. მნიშვნელოვანია, სად ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, რომელ ბანაკში ვართ, რადგან, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გავატაროთ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა, რათა არ აღმოვჩნდეთ ამ სამხედრო დაპირისპირებაში, კონკრეტულად, ჩვენი ტერიტორია არ უნდა იქნეს გამოყენებული, მაგალითად, ირანის საწინააღმდეგოდ – ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია; 3. თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების 100%-იანი რკინის გარანტია, რაც ნიშნავს, რომ ან ნატოს წევრი ვართ, ან ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება აშშ-ის ბაზები – ანუ საქართველოს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენ გვერდზეა და რა დროს რას მოიფიქრებს, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად უარესისთვის.

ჩვენ სწრაფი რეაგირების ძალები უნდა გვყავდეს, რადგან საოკუპაციო ხაზი ძალიან ახლოს არის ცენტრალურ მაგისტრალსა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებთან. გორი-ხაშურის მაგისტრალი რამდენიმე მონაკვეთზე ძალიან ადვილად შეიძლება გადაიკვეთოს, გადაიჭრას. საჩხერის მიმართულებითაც შეიძლება გადაიკეტოს გზა, ცალკეა აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორია, ანაკლია-ორსანტია-ჯვარი და ენგურის კაშხალი – ეს არის ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაუცველია. აქეთ თრუსოს ხეობაა. გუდაური-სტეფანწმინდის გზა თუ გადაიკეტა და ხეობა დაიკავეს, ეს სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს წლების განმავლობაში აპრობირებული მთელი რიგი პროცედურები საოკუპაციო ხაზის გარშემო, უნდა გვქონდეს ძლიერი მონიტორინგის, თვალთვალისა და დაზვერვის ინფრასტრუქტურა, უნდა გვყავდეს ძლიერი სწრაფი რეაგირების ძალები როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ისე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურში, რომელსაც აბარია მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. მოსალოდნელი ექსცესების აღკვეთა ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანაა, რომელიც თავისი შესაძლებლობითა და რაოდენობით, დასამალი არ არის, ძალიან შორს არის იმ ოპტიმალური რაოდენობისა და შესაძლებლობისგან, რაც გვჭირდება ასეთი რთული, უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების დროს. სომხეთს, რომელიც ჩვენზე პატარაა, ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი ჯარი ჰყავს, აზერბაიჯანს 3-ჯერ მეტი. ამიტომ იმის თქმა, რომ ჩვენ მზად ვართ და დაცული, ან ძალიან დიდი სარკაზმია, ან საქართველოს მოსახლეობის დაცინვა. უნდა გვახსოვდეს, ძალიან სახიფათო ფაზაში ვართ და ჩვენი ფიზიკური გადარჩენის გარანტიაა ძლიერი ჯარი, ეროვნული ერთიანობა და რაც შეიძლება ბევრი მეგობარი ქვეყანა – სამხედრო ძალა არის ყველაზე მძლავრი და ეფექტური როგორც საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, ისე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ა.შ. ვინც ამას არ აღიარებს, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვია და ეროვნული ინტერესების მოღალატე. რადიკალურად უნდა შეიცვალოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა და სწრაფი ტემპით დავიწყოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან დაახლოება. ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების ერთადერთი გზა და გარანტიაა რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. აუცილებელია ეროვნული­ ერთიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერთიანდებით ჯანსაღი ძალების გარშემო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც მოსკოვში დარბიან, სურათებს იღებენ კრემლის ფონზე და პირდაპირ რუსულ დაკვეთას ასრულებენ საქართველოში, უნდა აილაგმონ საქართველოს ტერიტორიიდან. იმის მაგივრად, უწყებები პოლიტიკური პარტიების პირადი ცხოვრების დეტალების მოპოვებით იყვნენ დაკავებული, აჯობებს მთელი რესურსები გადაიტანონ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების აღმოჩენასა და მათ განეიტრალებაზე”, – განაცხადა ძებისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები