ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ირლანდიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მაიკლ დ. ჰიგინსის, მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ტარდება.
ჰიგინსი, რომელმაც პოსტი 2011 წლიდან ორი ვადით დაიკავა, კანონის მიხედვით მესამე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებს.
ქვეყანაში ხმის მიცემის უფლებით 3,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
კენჭისყრა დილის 7 საათზე დაიწყო და საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება. შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ 25 ოქტომბრის საღამოს ან 26-ის დილით იგეგმება.
პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: დამოუკიდებელი კანდიდატი კეტრინ კონოლი, ყოფილი სოციალური დაცვის მინისტრი ჰეზერ ჰამფრიზი და პარტია Fianna Fáil-ის მიერ წარდგენილი ჯიმ გავინი, რომელმაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა მისი კანდიდატურა საარჩევნო ბიულეტენში მაინც გამოჩნდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, კონოლი არჩევნებში ლიდერობს და სავარაუდოდ დიდი უპირატესობით გამარჯვებას მოიპოვებს.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ნოემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
როგორც მედია აღნიშნავს, ირლანდიის პრეზიდენტი ფორმალურად სახელმწიფოს მეთაურია და მისი უფლებამოსილება უმეტესწილად ცერემონიული ხასიათისაა, თუმცა პოსტი მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, განსაკუთრებით ქვეყნის შიდა ერთიანობისა და საერთაშორისო იმიჯის კუთხით.