არჩილ ხაბაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებას ეხმაურება. არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს და მისი წევრების მიერ 2012 წლიდან დღემდე მთავრობის აპარატში შემოსულ ყველა განცხადებას დროულად და სათანადოდ გაეცა პასუხი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებები სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული.
“უმაღლესი საბჭოს და მისი წევრების მიერ 2012 წლიდან დღემდე მთავრობის აპარატში შემოსულ ყველა განცხადებას დროულად და სათანადოდ გაეცა პასუხი. ალექსანდრე ჩიტიშვილი ალბათ გულისხმობს მის მიერ აჭარის მთავრობის აპარატის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ჯემალ ბერიძისთვის პირადად მიწერილ წერილს, რომელიც ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული მთავრობის აპარატის კანცელარიაში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადება იწერება დაწესებულების ხელმძღვანელის ან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე, რის შესახებაც განემარტა ალექსანდრე ჩიტიშვილს. მიუხედავად ამისა, შესაბამისი განცხადება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი არ ყოფილა.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესი კანონმდებლებმა განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდნენ, მაგრამ ფაქტი საპირისპიროზე მეტყველებს. რაც შეეხება ჯემალ ბერიძის სამსახურიდან დათხოვნას, როგორც ადრე აღინიშნა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა ერთი და იგივე ფუნქციის სტრუქტურული ერთეული და ხდებოდა უფლება-მოვალეობების დუბლირება. 2014 წლის 1 აპრილს რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დეპარტამენტი და გათავისუფლდნენ იქ მომუშავე თანამშრომლები. აქვე შევეხებით ალექსანდრე ჩიტიშვილის სხვა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს. საინვესტიციო წინადადებები განიხილება დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში პოტენციურ ინვესტორებს, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ხვდება.
თუ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გვიწუნებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ ქ. ბათუმში, ვარდების სკვერში, სამთავრობო რეზიდენციისა და ევროპის მოედანთან არსებულ სკვერში, საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მივეცით ინვესტორს, საზოგადოებამ განსაჯოს. არც ერთი სტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის არ დაწუნებულა. პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია ცრუ ინფორმაციის გავრცელება პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, ასევე, მიუღებელია, როცა მაღალჩინოსნები სახელმწიფო ინტერესებზე წინ, პირად და ნათესავების ინტერესებს აყენებენ, რის მაგალითებსაც მრავლად ვხედავთ. ვწუხვარ, რომ საკითხის გარკვევა ასეთ ტონალობაში გვიწევს, მაშინ როდესაც პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ საქმიან, მშვიდობიან და დიპლომატიურ გზებს, თუმცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ არჩეული რიტორიკა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებები სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული. მათი გადაწყვეტილებები არ არის შეთანხმებული„ ქართულ ოცნებასთან“ და თვითნებობად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის – „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიერ. პრემიერისვე ინიციატივით კვირას მოცემული საკითხი პოლიტსაბჭოზე განიხილება. ვფიქრობ, დეპუტატების მიერ სახელისუფლებო კრიზისის შექმნის მცდელობით შესაბამისი სამსახურებიც დაინტერესდებიან“,-აღნიშნულია ხაბაძის განცხადებაში.