“ჩვენი საგარეო პოლიტიკა კოორდინირებული იქნება რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ე.წ. რესპუბლიკის “საგარეო პოლიტიკა იქნება კოორდინირებული რუსეთის პოლიტიკასთან”.

ამის შესახებ მან “იზვესტია”-სტან ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, “აფხაზეთის სუვერენიტეტი უკვე აღიარებულია გაეროს წევრი ხუთი სახელმწიფოს მიერ. მუშაობს თუ არა აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებთან?”, ბჟანიამ თქვა, რომ ასეთი მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

“და ამ მხრივ სერიოზულ დახმარებას გვიწევს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი ფუნდამენტური სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები ადგენს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა კოორდინირებული იქნება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკასთან, ამ მხრივ ის გვეხმარება და ახლა ასეთი სამუშაოები ბევრ ქვეყანაში და ბევრ კონტინენტზე მიმდინარეობს. ცნობილი მიზეზების გამო, არ ვიტყვი, რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი, რადგან ჩვენი მტრები ხმაურს ატეხენ, რაც ამ პირობებში არ გვჭირდება, მაგრამ კონტაქტები არის”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები