CNN: აშშ-მა უკრაინის დახმარება შესაძლოა, შეამციროს, თუ კიევი კორუფციასთან ბრძოლისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს
აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის მხარდაჭერის რამდენიმე პროგრამა შეამციროს, თუ ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით ნაბიჯებს არ გადადგამს.
ამის შესახებ CNN რამდენიმე ინფორმირებულ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
CNN იხსენებს, რომ კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების სახით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ თეთრი სახლის მოთხოვნა დამტკიცებული ჯერ არ აქვს.
რესპუბლიკური პარტიის წევრები უფრთხილდებიან ამ თანხების გამოყოფას, მკაცრი ზედამხედველობისა და უკრაინის ხელისუფლებისადმი პირობების წამოყენების გარეშე.
„უკრაინელებისთვის გზავნილი ყოველთვის იყო, რომ თუ რომელიმე ამ თანხიდან უკანონოდ იქნება მითვისებული, ეს საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის მთელ დახმარებას“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
26 სექტემბერს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას იმ რეფორმების სია გადასცა, რომლებიც უნდა განხორციელდეს ვაშინგტონის დახმარების გასაგრძელებლად.
უკვე 28 სექტემბერს პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებული შტატებისგან რეფორმებთან დაკავშირებით წინადადებები მიიღო.
შმიგალის თქმით, უკრაინამ საპასუხოდ შეერთებულ შტატებს ქვეყანაში დემოკრატიის სიმტკიცის გაძლიერების კონცეფცია გაუგზავნა.