მიმდინარე წლის სექტემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 188 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 188 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 138 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და არარეგისტრირებული სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 43 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში – 27, აჭარაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, შიდა ქართლში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 6, გურიაში – 5, ქვემო ქართლში კი – 1. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 193 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 089 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.