“აშშ არ დაუშვებს უკრაინის დაფინანსებაში შეფერხებას” – ჯონ კირბი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს საკმარისი სახსრები უკრაინის დახმარების დასაფინანსებლად, თუმცა, კონტრშეტევის მხარდასაჭერად კიევს კონგრესის დახმარება სჭირდება, რათა მოხდეს შეუფერხებელი მიწოდება.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა შეფერხდეს”, – თქვა მან.

არსებული სახსრების ამოწურვის ვადებზე დასმულ კითხვაზე, კირბიმ თქვა, რომ ვაშინგტონს, “დაახლოებით, რამდენიმე თვე” აქვს.

ბაიდენის მსგავსად კირბიმ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა მცირე ფრაქცია გააკრიტიკა, რომელმაც უკრაინის დაფინანსების დაბლოკვა წამოიწყო და აღნიშნა, რომ კონგრესში რესპუბლიკელთა უმეტესობა კიევს უჭერს მხარს.

„მხარდაჭერის ასეთი შეწყვეტა პუტინს დააჯერებს, რომ მას შეუძლია, გააგრძელოს კონფლიქტი მანამ, სანამ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ დავნებდებით“, – თქვა კირბიმ.

მისივე თქმით, ეს პუტინს გამარჯვებასაც მოუტანს.

„თუ ჩვენ უბრალოდ დავტოვებთ უკრაინას, ჩვენ არსებითად დავადასტურებთ მის სიცრუეს. ჩვენ ვეუბნებით მას: „დიახ, იცი, რა? მართალი ხარ, პუტინ, უსამართლოდ მოგექცნენ, აქ მსხვერპლი იყავი“. ეს გაუგონარია და აბსოლუტურად შეესაბამება მის ცრუ ნარატივს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეს ომი“, – თქვა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები