ელჩი და კონსული, რომლებიც სამ თვეში აგრემანს ვერ მიიღებენ, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან

   საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლის თანახმადაც, ელჩი და კონსული, რომელიც დანიშვნიდან სამი თვის ვადაში სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის თანხმობას ვერ მიიღებს, თანამდებობიდან იქნებიან გათავისუფლებული. ცვლილებების გატარების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი ხდება, მთავრობას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს, თუკი ის აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში, შესაბამისი სახელმწიფოსგან პასუხს არ მიიღებს.
იგივე მოხდება კონსულების შემთხვევაშიც – ეგზეკვატურის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილი იქნება, კონსული თანამდებობიდან გაათავისუფლოს. საგარეო უწყების განმარტებით, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე სახელმწიფო თანახმა არ არის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშნული პირი იქნას მივლენილი. ასეთი შემთხვევების დროს, დიპლომატიურო პრაქტიკა ითვალისწინებს გაგზავნილ მოთხოვნაზე არა პირდაპირ უარს, არამედ პასუხის გაჭიანურებას, რაც შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს, ან საერთოდ არც გამოიგზავნოს პასუხი. “გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან სამუშაოდ მივლინებამდე დიპლომატიური თანამდებობის პირები იღებენ თანამდებობრივ სარგოს, თუმცა რეალურად არც უწევთ ფუნქციის განხორციელება, ან რაიმე სხვა სახის სამუშაოს შესრულება”, – აღნიშნულია კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები