“აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დეფიციტი შენარჩუნდება” – ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ზამთრის სეზონზე ე.წ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის დეფიციტია შესაძლებელი, თუმცა, ე.წ. ხელისუფლება ელექტროენერგიის მრავალსაათიან გათიშვებს არ დაუშვებს.
ამის შესახებ მან “ტასს” უთხრა.
„დიახ, შემოდგომაზე და ზამთარში დეფიციტი გვექნება და რუსეთის ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ ნაკადი მოგვცეს. მაგრამ ეს ჯერ არ არის ენერგეტიკული კრიზისი, ეს გარკვეული სირთულეებია. კრიზისია, როდესაც ელექტროენერგია 10-15 საათით ითიშება, როგორც ეს იყო რამდენიმე ხნის წინ საქართველოში, სომხეთში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა კრიზისამდე არ მივიდეს, მაგრამ ეს არის ის დარგი, რომელსაც დიდი ინვესტიციები სჭირდება. მასში ცვლილებები ერთ-ორ წელიწადში არ შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ბჟანიამ.
მან აღნიშნა, რომ “ქვეყნის ხელისუფლება” იძულებული გახდა, ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდა, რადგან ამას ეკონომიკური მოსაზრებები მოითხოვდა, ხოლო ენერგეტიკულ ინდუსტრიას მოდერნიზაცია სჭირდებოდა.