პუტინი კრემლში კადიროვს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი კრემლში რამზან კადიროვს შეხვდა და რესპუბლიკაში არსებული ვითარება, სოციალური სფერო, ასევე, “სპეცოპერაციაში” ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობის საკითხები განიხილა.
”ბიჭებს, მათ ოჯახებს საუკეთესო სურვილები გადაეცით. ვიცი, რომ თქვენ პირადად ხართ ჩართული ამ საკითხებში, მათ შორის ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჩვენი ბიჭების ოჯახების მხარდაჭერაში, დარწმუნებული ვარ, გაბედულად, გმირულად, კარგად იბრძვიან“, – თქვა პუტინმა.
საპასუხოდ კადიროვმა თქვა, რომ ჩეჩენი მებრძოლები კარგ განწყობაზე არიან, მათი ყველა საჭიროება და პრობლემა გვარდება. მისი თქმით, მათ ყოველდღიურად აჰყავთ ტყვედ უკრაინელი სამხედროები, ანადგურებენ მათ ტექნიკას.
“აბრამსის” არცერთი ტანკი არ არის საშიში. ასე რომ, დღეს ჯარისკაცებში კარგი სულისკვეთებაა”, – თქვა მან.
კადიროვის თქმით, ჩეჩნეთი რუსეთის ერთადერთი რეგიონია, რომელმაც ხუთი პოლკი და სამი ბატალიონი ჩამოაყალიბა და დღეს ყველა მათგანი “სპეცოპერაციაში მონაწილეობს”.
სექტემბრის დასაწყისიდან ტელეგრამის არხებზე კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება, ხშირად იწერებოდა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, იყო ჭორი იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ლიდერი დაავადებას ემსხვერპლა.