“რუსეთში უნდა გაიგონ ერთი რამ – ქართულ საზოგადოებაში ანტირუსული ტენდენციები რეალობაა” – გაგლოევის ე.წ. მრჩეველი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მრჩეველი, ვიაჩესლავ გობოზოვი აცხადებს, რომ გაეროს 78-ე სესია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოსებსა და აფხაზებისთვის მიმართვა ეხებოდა ყველას, გარდა ოსების და აფხაზების.

ამის შესახებ მან ცხინვალში პრესკონფერენციაზე თქვა.

გაეროში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა აფხაზებს და ოსებს მიმართა.

„მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს – ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა, როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაბოზოვის თქმით კი, „ჩვენ კარგად ვიცით ნებისმიერი ქართული რეჟიმის ჭეშმარიტი დამოკიდებულება, ვიცით საქართველოს პოლიტიკური ელიტის პოზიცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით. და მათი პოზიცია არ იცვლება, ის ყოველთვის იქნება ანტიოსური და ანტიაფხაზური“.

მან ღარიბაშვილის გამოსვლაში საერთაშორისო და შიდაქართული ასპექტები გამოყო.

„საერთაშორისო ასპექტი, პირველ ყოვლისა, დაკავშირებულია რუსეთის მიმართ საქართველოს ე.წ. ნეიტრალიტეტთან. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში და საერთაშორისო პოლიტიკურ ექსპერტულ წრეებში საქართველოს ე.წ.პრორუსული პოზიციის მუსირება გახშირდა. საქართველოს ძალიან აკრიტიკებდნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პროდასავლური განცხადებებით თავიანთი პრეზიდენტი აამოქმედეს. ამიტომ, ღარიბაშვილს უნდა ეჩვენებინა, რომ ე.წ. პრორუსული პოზიცია არ არის საქართველოს სტრატეგიული პოზიცია, რომ ნატოში მათი ვექტორი უცვლელია”, – თქვა გობოზოვმა.

რაც შეეხება შიდაქართულ ასპექტს, პოლიტიკოსი ამბობს, რომ აქ ანტირუსული ფაქტორი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების რეალობაა.

„ამიტომ, იმისათვის, რომ არ დაკარგოს ამომრჩეველი საქართველოში, ღარიბაშვილს ასეთი მკაცრი ანტირუსული განცხადების გაკეთება მოუწია და ამიტომ მის განცხადებას გენერალურ ასამბლეაზე, ჰქონდა ძალიან მკაფიო და შიდაქართული ასპექტი“, – ხაზგასმით აღნიშნა გობოზოვმა.

მისი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ცალკეულ პოლიტიკურ წრეებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობის ილუზიების მიუხედავად, მათ უნდა გაიგონ ერთი რამ: ქართულ საზოგადოებაში ანტირუსული ტენდენციები რეალობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები