“ახლა აღარ ვაძლევთ იარაღს უკრაინას, ჩვენ თავად ვიძენთ უახლეს იარაღს“ – მორავეცკი
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ აძლევს, რადგან თავად სჭირდება, მაგრამ სხვა გზებით ეხმარება.
ამის შესახებ მან Polsat News-თან ინტერვიუში თქვა.
ინტერვიუ ძირითადად მიეძღვნა „მარცვლეულის სკანდალს“ და კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას, მორავეცკიმ თქვა: „ჩვენ ახლა აღარ ვაძლევთ იარაღს უკრაინას, ჩვენ ახლა თავად ვიძენთ უახლეს იარაღს“.
ამავდროულად, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ პოლონეთის ჟეშოვში მდებარე ჰაბი, რომლის მეშვეობითაც უკრაინისთვის მიწოდება ხდება, „ასრულებს იმ როლს, რომელიც ჰქონდა და ამას გააგრძელებს”.
ინტერვიუს მთავარ თემაზე – უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანზიტზე დავაზე – მორავიცკიმ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს „პოლიტიკური თეატრის“ შესახებ, უკიდურესად უსამართლოდ მიიჩნევს, და ფიქრობს, რომ ის რუსულ პროპაგანდას ხელს აძლევს.
ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას, თქვა რომ ”ევროპაში ზოგიერთი სოლიდარობას პოლიტიკურ თეატრად აქცევს და მარცვლეულისგან თრილერს ქმნის”. ის გულისხმობდა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ემბარგოს, რომელიც უკრაინის მეზობლებმა, მათ შორის, პოლონეთმა, შიდა ბაზრის დასაცავად შემოიღეს.
„ჩვენ ძირეულად უარვყოფთ ასეთ სიტყვებს. ამავდროულად, ჩვენ გავაფრთხილეთ კიევი, რომ არ დაუკრას ისეთი ნოტები, რომლებსაც მაშინვე იტაცებენ ეგრეთ წოდებული რუსული ტროლები, ყველანაირი პროვოკატორები, რომლებსაც უხარიათ, ჩვენს ქვეყნებს შორის უთანხმოების დათესვა,“ – თქვა მორავეცკიმ.