თეა წულუკიანი ქართული მრავალხმიანი სიმღერის შემსრულებელ უცხოურ ანსამბლებს შეხვდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, 18-22 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ მეოთხედ იმართება. ფესტივალის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფესტივალი ხელს უწყობს კულტურათა დაახლოებასა და ტრადიციების გაცნობას. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით ფოლკლორის ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობენ.
მინისტრმა ფესტივალის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის დასასრულს ფესტივალის მონაწილეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ ევროპის ხუთი ქვეყნის – იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის – ფოლკლორული ანსამბლები. კერძოდ: „მასპინძელი“ (დიდი ბრიტანეთი), „დ’ალტროკანტო დუო“ (იტალია), „მეზობლები“ (ბელგია), „ტევრი“ (ფინეთი) და „საქართველო“ (ნიდერლანდები).
„საგულისხმოა, რომ ანსამბლების უმრავლესობას დასახელებაც ქართული აქვს; ისინი წლებია ქართულ მრავალხმიანობას იკვლევენ და სწავლობენ. ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები: „ბასიანი“, „დიდგორი“, „იალონი“ „ადილეი“, „მარგალიტი“, „შილდა“ და „ლალხორი“.
„საგულისხმოა, რომ ანსამბლების უმრავლესობას დასახელებაც ქართული აქვს; ისინი წლებია ქართულ მრავალხმიანობას იკვლევენ და სწავლობენ. ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები: „ბასიანი“, „დიდგორი“, „იალონი“ „ადილეი“, „მარგალიტი“, „შილდა“ და „ლალხორი“.
ფესტივალის პირველი კონცერტი 19 სექტემბერს ახალციხეში გაიმართება. სტუმრები სამცხე-ჯავახეთში სამ დღეს დარჩებიან და ადგილობრივ ფოლკლორს, არქიტექტურასა და კულინარიას გაეცნობიან. 21 სექტემბერს ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს; გალაკონცერტზე მონაწილეები ერთობლივად წარმოადგენენ მესხეთში შესწავლილ ქართულ ხალხურ სიმღერას. 22 სექტემბერს კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართება.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/SakartveloFolkFest .