გიორგი ცუცქირიძე: საქართველო, როგორც 100 წლის წინ, კვლავ დგას უმწვავესი გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონში შეიძლება, გათამაშდეს
გლობალური ომები და სამხედრო კონფლიქტები ოდითგანვე ითვლებოდა სიცრუის ხელოვნებად იმ გაგებით, რომ წინასწარ თუ რას აპირებს ან რა ძალებით სიმართლის არავინ არავის ეტყვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვაც ოდითგანვე იყო დაპირისპირებული მხარეების სამხედრო არსენალში. თანამედროვე ომების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეს საინფორმაციო ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებაა, ომამდეც და ომის მსვლელობის დროსაც! სწორედ საინფორმაციო ველი ქმნის დღეს მითების და რეალობის იმგვარ გამრუდებას, რომ ხშირად სამხედრო ექსპერტებსაც კი უჭირთ რეალობის გარკვევა და ვინც ერკვევა ისიც ამ რეალობას ისე წარმოაჩენს, როგორც ამ ინფორმაციის მიმწოდებლის გნებავთ დამკვეთის ინტერესშია!, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მითის და რეალობის სხვადასხვა რაკურსში წარმოჩენის მაგალითად უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტიც გამოდგება. აქ ტერმინსაც “კონფლიქტს” ვიხმარ, რადგან ამ ომში ჩართულ გლობალურ აქტიორებს დიდი ოცეულის ბოლო სამიტზე ამ ომის კონფლიქტად მოხსენიება დასჭირდათ!
ჰადსონის უნივერსიტეტის მკვლევრის, ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი ლუკ კოფის შეფასებით, სტატიაში “მთავარი მითები აშშ-ს უკრაინის დახმარების შესახებ”(The Top Myths About US Aid To Ukraine – OpEd) რომელიც მან ანალიტიკურ გამოცემა “Eurasia review” -ში გამოაქვეყნა, მითია, როდესაც დღეს ბევრი თვლის, რომ ამერიკა ყველაზე დიდი დონორია უკრაინაში. ამ დროს კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად, ევროპული ვალდებულებები ახლა ორჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ს მიერ გაწეული მხარდაჭერა. აქ იგულისხმება ყველა ტიპის დახმარების (სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ლტოლვილთა) ჯამური მაჩვენებელი, ევროპის 20 ქვეყნის მიხედვით, მართალია თანხობრივად ჩამოუვარდება უკრაინისადმი გაწეულ დახმარებას, მაგრამ მშპ-ს თან თანაფარდობაში პროცენტულად მეტია, ვიდრე აშშ-ის წვლილი. თანხობრივად 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 101 მილიარდი დოლარი გამოუყო, რაც აღემატება ევროპის დახმარებას, მაგრამ მშპ-სთან თანაფარდობაში ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 %-ზე ნაკლები, დაახლოებით 0,43 პროცენტია.
მეორე არანაკლებად საინტერესო თუ მთავარი საკითხი ეხება ამ კონფლიქტის გლობალურ ხასიათს. ბლეფია თითქოს რუსეთი აშშ-სთვის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს აღარ წარმოადგენს და მთავარი გეოპოლიტიკური ვექტორი აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაზე გადის, რაც განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში აქტიურად ტირაჟირდება დასავლური მედიასაშუალებებით ტაივანის თემატიკის თანხლებით. რეალობა ის კი არა არის რასაც ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარტნიორია, ხოლო დამარცხებული რუსეთი ნიშნავს უფრო სუსტ ჩინეთს, არამედ უფრო გლობალურად მოსკოვია პეკინთან ერთად დასავლეთთან მთავარი დაპირისპირების ცენტრი და არა პირიქით. ვაშინგტონ-ლონდონის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, სამხედრო არსენალითაც და ბუნებრივი რესურსებითაც მოსკოვია, მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის სიდიდისა. თუ ამ ომში დასავლეთი დამარცხდა, ჩინეთი კი არ ხდება ახალი გეოპოლიტიკური ღერძი, არამედ მოსკოვი ჩინეთთან ერთად.
ჩემი შეფასებით, პეკინისთვის დასავლეთის მხარდაჭერა კიევისთვის საკვანძო საკითხია და თუ ის ამ კონფლიქტში ჯერ აქტიურად არ ჩარეულა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალაც იმავე პოზიციაზე დარჩება. რუსეთის უცილებელი მარცხის პერსპექტივაში, თუ სტრატეგიული უპირატესობა უკრაინის მხარეს გადაიხარა, მოსკოვის აქტიურ მხარდაჭერაზე არ გადავა!
ბუნებრივია, გამარჯვებული დასავლეთი გააძლიერებს ტაივანს და შეაკავებს ჩინეთს, ოღონდ არა მხოლოდ ტაივანის პრობლემურ საკითხზე. ლონდონ-ვაშინგტონის გეოსტრატეგიული ღერძი ხდება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ჰეგემონიც, იაპონიასთან ერთად. შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, ეს ორი რეგიონი მჭიდრო კავშირშია. შემთხვევითი კი არ იყო იაპონიის პრემიერ კიშიდას მიერ, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების ევროპული უსაფრთხოების ერთიან კონტექსტში განხილვა, უკრაინაში ვიზიტისას.
ამ ვიზიტს კი დროში მეტად საეჭვოდ დაემთხვა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ვიზიტი, და ამ ვიზიტის დროს მისი ისტორიული ფრაზა ვლადიმერ პუტინსადმი: „ახლა არის ცვლილებები, რომლებიც არ მომხდარა 100 წლის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ ცვლილებებს.”
აქედან გამომდინარე, ამ ორ გლობალურ პოლუსს შორის გეო პოლიტიკური დაპირისპირება, გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამიტომაც ხშირად ამ ომს დროში გაწელილ სამხედრო კონფლიქტადაც მოვიხსენიებ, რომელიც კი არ მთავრდება, არამედ გადამწყვეტ ფაზაში შედის და არც არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. არც ამ კონფლიქტის გაგრძელების ალტერნატიული სცენარები უნდა დაგვავიწყდეს, პირველ რიგში თურქეთ-ირანის მოსალოდნელ კონფლიქტს ვგულისხმობ. ამიტომაც არის გაატიურებული თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანი საზღვრის ხორცშესხმის იდეა ლაჩინის დერეფანში, რაც ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას გამოიწვევს რუსეთის ჩართვით და რუსეთისთვის “მეორე ფრონტის” გახსნით, რადგან ამ სცენარში რუსეთი ნეიტრალური ვერ დარჩება, კარგავს რა ერევანსაც და ჩრდილოეთ კავკასიასაც! მომავალში ისე არც ინდოეთ-ჩინეთის დაპირისპირებაა ფანტასტიკის სფეროში, The Economic Times-ის ცნობით, ინდოეთის მთავრობა აპირებს ქვეყნის სახელის შეცვლას. მას ბჰარატი დაერქვმევა,ხოლო შესაბამისი დადგენილება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე იქნება წარდგენილი, რომელიც 18-22 სექტემბერს გაიმართება. ამასთან, ძველი ბჰარატის ისტორიული რუკა, არა თუ პაკისტანთან ან ინდონეზიასთან, არამედ ჩინეთთან დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. დასავლური ბრენდების ლოკაციების ჩინეთიდან ინდოეთში აქტიური გადატანაც ვეჭვობ, მხოლოდ იაფი მუშახელით ან მოსახლეობის მზარდი დინამიკით, იყოს გამოწვეული.
საქართველო, როგორც 100 წლის წინ, კვლავ დგას უმწვავესი გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონში შეიძლება, გათამაშდეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მკვეთრი გადახვევა მარცხნივ ან მარჯვნივ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულიც თავისუფლად შეიძლება გახდეს!
ქართული პოლიტკლასის სიბეცეც, და პირველ რიგში ეს ოპოზიციის მისამართით უნდა ითქვას, ამაშიც ვლინდება!როდესაც ამ ისტორიულ დანაღმულ ველზე გავლისას, ერთადერთ მიზანს, ნებისმიერი გზით და საშუალებით ხელისუფლებაში მოსვლა აპრიორად არის გადაქცეული, ხოლო ოპონირების თემატიკა მეათე ხარისხობრივ საკითხებზეა გადატანილი”, – წერს ცუცქირიძე.