ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 114-ე შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ამასთან, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის 1-ელ ნოემბერს ჩაინიშნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.