“როცა გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის ღატაკი და თუ „საჭირო გახდება“, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს, რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ” – მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მიმართა, ჩამოყალიბდნენ იმაზე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი პენსიონერია, რომელიც მხოლოდ პენსიაზეა ფინანსურად დამოკიდებული თუ სხვადასხვა ბიზნესს ფლობს.
„რაც შეეხება ამ (თბილისი-მიუნხენის ჩარტერულ რეისში გადახდილ) თანხებს, როცა გჭირდებათ ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ აქვს და თუ „საჭირო გახდება“, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს. რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ. კულისებიდან რომ ავრცელებთ ხოლმე ინფორმაციებს, აქვს ღვინის ქარხანა, ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესები, თუ არა?! ჩამოვყალიბდეთ ამ კაცს რაღაც ბიზნესი გააჩნია, თუ არ გააჩნია.
პირადად პრემიერმინისტრისთვის არასდროს დამისვამს კითხვა მამის ბიზნესებთან დაკავშირებით, თუმცა, მსმენია, რომ მას რაღაც ბიზნესები აქვს, ჰქონდა თანხა და გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ჩემთვის სარწმუნოა. დაელოდეთ, დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი. მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ ათეულობით და ასეულობით (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული) მილიონი, მაგრამ არ გამოდის“, – განაცხადა მდინარაძემ.