“სახელმწიფოს თანხები პრემიერის ჩარტერულ რეისზე არ დახარჯულა” – მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციურ მედიას პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ თბილისი-მიუნხენის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტების „ჩამორეცხვა“ სურდა.
„ხომ შევთანხმდით იმაზე, რომ რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, ისე აღმოჩნდა ზუსტად, მათ შორის იმაზე, რომ სახელმწიფოს თანხები ამაზე (პრემიერის ჩარტერულ რეისზე) არ დახარჯულა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა დღეს დაადასტურა, რომ ეს იყო კერძო თანხები. თქვენ, რაც ილაპარაკეთ წინა დღეებში, აღმოჩნდა ტყუილი. საოცრება ვნახე და მოვისმინე, სახელმწიფო სახსრებით ესკობარის საფლავზე ჩასვლა.
დღევანდელ პრემიერთან შეტევაზე გადადის ადამიანი, ვინც ესკობარის საფლავის მოსანახულებლად სახელმწიფო ხარჯებით დადიოდა. აღარაფერს ვამბობ მკბენარი მასაჟისტების ჩამოყვანაზე, პირით რომ მასაჟი უნდა ეკეთებინა. არ გაინტერესებთ საიდან აქვს გიული ალასანიას ათეულობით, თუ ასეულობით მილიონი დოლარი ხან ლობისტებს რომ ქირაობს და საიდანღაც ქონებები რომ გაუჩნდა. უბრალოდ გაინტერესებდათ, რომ სააკაშვილისთვის ეს ცოდვები ჩამოგერეცხათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ, რადგან კერძო თანხები ყოფილა დახარჯული პრემიერის ჩარტერულ რეისზე“, – განაცხადა მდინარაძემ