12 სექტემბერი გურამ თიკანაძის დაბადების დღეა
12 სექტემბერი გეოგრაფის, სპორტსმენის, ფოტოხელოვანის, გურამ თიკანაძის დაბადების დღეა. იგი 91 წლის გახდებოდა.
დაიბადა ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი .
მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს. ფოტოგრაფიით დაინტერესდა 1962 წლიდან, 1947 წლიდან დაიწყო ფოტოგრაფირება თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ფოტოწრეში, რომელიც 1975 წლიდან გურამ თიკანაძის სახელობისაა.
მან პირველმა მიაღწია ფოტოხელოვნებაში დოკუმენტურობისა და მხატვრულობის სინთეზს. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „დროშის” ფოტოკორესპონდენტად. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მ. მესხი“, „თეთნულდი – სვანეთის პატარძალი”, „უშბა“, „თენსინგ ნორგეი“, „შხარა“, „თეთნულდის კალთებზე“.
გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე. იყო ცნობილი ალპინისტი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე რთული ასვლა კავკასიონსა და პამირზე (უშბა, შხარა, შხელდა, დომბაიულგენი, ნაკრა, გარმო და სხვ.).
1963 წელს მწვერვალ შხარიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა. 1980 წელს სვანეთში (სოფელი ლატალი) გაიხსნა გ. თიკანაძის სახელობის სპორტული ცენტრი. ამავე წელს, აქვე, დაარსდა ზეიმი „გურამობა“, რომელიც 12 სექტემბერს აღინიშნება.