“რასაც ახლა საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია” – ნინო ჩხობაძე განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე

რასაც ახლა საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია”, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩხობაძემ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჩვენ, გარემოსდამცველები დიდი ხანია, მსოფლიოს იმის შესახებ ვაფრთხილებთ, რომ ბუნებრივი კატასტროფები გახშირდება, რამაც შეიძლება, ბევრ ადგილას არაორდინარული, ფორსმაჟორული სიტუაციები შექმნას. ამასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე მსოფლიო მეცნიერების მიერ არაერთი მოხსენება გაკეთდა, ეს პროგნოზირებული იყო. რასაც ახლა საქართველოში ვიმკით, ეს გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია. ამას გლობალური კლიმატის კრიზისი ტყუილად არ უწოდეს. რეალურად, უფრო გვიან ეტაპზე იყო ნავარაუდევი, რომ ასეთი მოვლენები განვითარებული იქნებოდა და ეს მთელს დედამიწაზე ახლა ცოტა დაჩქარებული ტემპით მიდის. ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რა თქმა უნდა, ცენტრალური კავკასიონია, ის რაც ცენტრალური კავკასიონისთვისაა დამახასიათებელი, ისევე როგორც არქტიკისა და ანტარქტიდისთვის – ყინულები დნება, რაც ძალიან დიდ, სერიოზულ პრობლემას იწვევს. მაგრამ, გურიის შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ ყინულოვან საფარზე იყო დამოკიდებული, ეს ნალექის შედეგად იყო მიღებული. კლიმატის ცვლილების ფონზე ჩვენ უკვე ვატყობთ, რომ გურიაში ისეთი მოვლენები ძალიან მკაფიოდ ვითარდება, რომელიც ძალიან ძლიერი მეწყრული პროცესების განვითარებას და გააქტიურებას გამოიწვევს – ისევე, როგორც ჩვენი მდინარეებისთვის წყალმოვარდნები და წყალდიდობები იქნება დამახასიათებელი. ბევრ შემთხვევაში წყალდიდობები სეზონურია. ჩვენ წყალდიდობებს გარკვეული სეზონის დროს ვიყავით მიჩვეულები. დღეს ეს აბსოლუტურად სტიქიურად ხდება, იმიტომ, რომ ბუნება სხვანაირ დღის წესრიგს გვთავაზობს. მარტივად რომ ვთქვათ, გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები გლობალური კლიმატის ცვლილების და ჩვენ მიერ ძალიან არაგონივრულად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. როცა სახლს კალაპოტში აშენებ, უნდა ელოდო, რომ ის წყალდიდობის დროს აუცილებლად დაიტბორება; როცა ნაპირზე კორპუსს აშენებ, უნდა ელოდო, რომ წყალმოვარდნის დროს შეიძლება, გაირეცხოს, ან ნაპირი ჩამოიქცეს; როცა სახლს პირდაპირ მეწყრის ქვემოთ აშენებ და თან ზემოთ ტყეს ჩეხ, უნდა ელოდო, რომ ეს მეწყერი აუცილებლად ჩამოვა. გვინდა, არ გვინდა, თუ არ მივეჩვიეთ საკუთარი ბუნების მოსმენას, ვერასდროს გავალთ ფონს, ვერ გავაკეთებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რათა ასეთი მსხვერპლი არ გვქონდეს”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტემის გამართვა, რომელიც ადამიანს პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალებას აძლევს.

მთლიანობაში, თუ გვინდა, რომ ტურისტული ქვეყანა ვიყოთ, მზარდი ეკონომიკის პირობებში ვარსებობდეთ, თუ გვინდა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ისეთი საშინელი ფასები არ იყოს, როგორიც დღესაა, თუ გვინდა – სოფლის მეურნეობაში პროდუქციის წარმოება შევძლოთ, მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტემის გამართვაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ადამიანს კონკრეტულად პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალებას აძლევს. ღრუბლებს კი არ უნდა ვებრძოდეთ, ველოდეთ, რომ 4 -სანტიმეტრიანი დიამეტრის ყინული ჩამოვარდება, პირიქით, უნდა ვეცადოთ, ვენახზე ისეთი სისტემები შევქმნათ, რომ ბადე იყოს და მოსავალი დაიცვას. მესმის, რომ ეს ძალიან ძვირია, რთულია, მაგრამ იქნებ სჯობს, ბევრი თანხა ერთხელ გავიღოთ იმისთვის, რომ ეს სისტემები შევიმუშაოთ, ვიდრე თანხა სხვანაირად ვხარჯოთ. ჩვენ გამართული დაკვირვების სისტემა გვჭირდება, ეს, საბოლოოდ, მომავალია საქართველოსთვის. ამიტომ, ეს არის ფინანსური რესურსის ის ნაწილი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს”, – განაცხადა ჩხობაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები